ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა ზაპოროჟიეში ვიზიტისას უკრაინისთვის 200 მილიონ ევროზე მეტი დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ სხოფი, პრემიერის რანგში უკრაინაში პირველი ვიზიტის ფარგლებში ზაპოროჟიეს ესტუმრა, სადაც კიევისთვის ახალი მხარდაჭერის პაკეტი გამოაცხადა, რომლის ღირებულება 200 მილიონ ევროს აღემატება.
ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
როგორც დიკ სხოფი აღნიშნავს, ზაპოროჟიეში ვიზიტისას დაადასტურა, რომ უკრაინას შეუძლია, ნიდერლანდების შემდგომი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.
„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა დავეხმაროთ უკრაინას წინსვლაში. არა მხოლოდ ფრონტის ხაზზე, არამედ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ ნიდერლანდები უკრაინას გადასცემს 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ახალ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის პაკეტს“, – განაცხადა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა.
ნიდერლანდების მთავრობის მეთაურმა დააზუსტა, რომ პაკეტი პირველ რიგში, მიმართული იქნება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვისა და შეკეთებისკენ, ასევე ითვალისწინებს ჰუმანიტარული დახმარების დამატებით დაფინანსებას.
„უკრაინაში ჩემმა, როგორც ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, პირველმა ვიზიტმა დაადასტურა ჩემი რწმენა, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა“, – განაცხადა დიკ სხოფმა.