ნიდერლანდების მთავრობა Kaspersky-ს პროგრამების გამოყენებაზე უარს ამბობს
ნიდერლანდების მთავრობა Kaspersky-ს პროგრამების გამოყენებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ნიდერლანდების იუსტიციის მინისტრის წერილზე დაყრდნობით აქვეყნებს, რომელიც ფერდინანდ გრაპერჰაუსმა პარლამენტს გადაუგზავნა.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, ამის გაკეთება „უსაფრთხოების დასაცავად“ გახდა საჭირო. გრაპერჰაუსი აღნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობა კიბერშეტევისთვის განკუთვნილ პროგრამას ფლობს, რომლის სამიზნე ნიდერლანდებიც არის. მისივე თქმით „Kaspersky Lab”-ი რუსეთშია დარეგისტრირებული, შესაბამისად ის შესაძლოა, რუსეთის მთავრობის ზეგავლენის ქვეშ მოექცეს.
„ მინისტრთა კაბინეტში დამოუკიდებელი გამოძიება ჩავატარეთ და გადაწყვეტილება ამ ანალიზის საფუძველზე მივიღეთ. Kaspersky-ის მიერ კანონის დარღვევის კონკრეტული შემთხვევები არ არსებობს, თუცა ამის გამორიცხვა შეუძლებელია“ – ნათქვამია ნიდერლანდების სამეფოს იუსტიციის მინისტრის წერილში.
მანამდე, რუსული კომპანიის პროგრამების გამოყენებაზე უარი თქვეს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის და ლიტვის მთავრობებმა. ამ ქვეყნებში მიიჩნევენ, რომ Kaspersky-ს პროდუქტების გამოყენება რუსეთს ჯაშუშობის მიზნით შეუძლია.