ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ იტალიის მთავრობა ევროკომისიის წინაშე ვალდებულებებს არ ასრულებს
ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრის თქმით, იტალიის მთავრობა ევროკომისიის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს.
„მოულოდნელი არ იყო, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ იმ ფაქტით, რომ იტალიამ ბიუჯეტის შესახებ საკუთარ მიდგომას არ გადახედა. შეშფოთებულები ვართ, ახლა შემდეგი ნაბიჯი ევროკომისიამ უნდა გადადგას“,- განაცხადა ვოპკე ჰეკსტრამ.
ბრიუსელი იტალიისგან 2019 წლის ბიუჯეტის პაკეტის გადახედვას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იტალიას შესაძლოა, ფინანსური სანქციები დაუწესდეს.
იტალიის საბიუჯეტო კანონპროექტის მიხედვით, დეფიციტის მაჩვენებელი 2 ,4 % -მდეა გაზრდილი, რაც თავდაპირველად განსაზღვრულ ნიშნულზე 0,6% ით მეტია. იტალიის მთავრობას სურს, რომ სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები და დაბალი გადასახადები სესხით დააფინანსოს. ბრიუსელში თვლიან, რომ ბიუჯეტი ვალის ზრდაზე არ უნდა იყოს ორიენტირებული და ყოველწლიურად უნდა შემცირდეს.
ევროკომისია იტალიის შესახებ საკუთარ პოზიციას 21 ნოემბერს დააფიქსირებს.