საქართველოში ნიდერლანდების ელჩი იმედოვნებს, რომ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს უახლოეს მომავალში გადაეცემა
საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოს დოუმა იმედს გამოთქვამს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს უახლოეს მომავალში გადაეცემა. მისი თქმით, ტატუნაშვილის შემთხვევა საკმაოდ სერიოზულია.
„ე.წ სამხრეთ ოსეთში მომხდარი ფაქტი, რომელსაც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ძალიან სერიოზული შემთხვევაა. ყველა, ვისაც ეს საკითხი ადარდებს და აშფოთებს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გადაიჭრას არსებული პრობლემა და არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადაეცეს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრისას საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა იოს დოუმამ.