ნიცაში რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი, მილიარდერი სულეიმან კერიმოვი დააკავეს
ნიცაში რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი, მილიარდერი სულეიმან კერიმოვი დააკავეს

ნიცაში რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი, მილიარდერი სულეიმან კერიმოვი დააკავეს. საფრანგეთში რუსეთის საელჩოს ინფორმაციით, კერიმოვი აეროპორტში ჯერ კიდევ 20 ნოემბრის საღამოს დააკავეს, საიდანაც პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, როგორც პარლამენტის ზედა პალატის წევრს, კერიმოვს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დევნისგან იმუნიტეტი იცავს. თუმცა „რია ნოვოსტის“ ცნობით, ბიზნესმენი საფრანგეთში პირად საქმეებზე იმყოფებოდა და არა საქმიანი ვიზიტით.

სენატორის დაკავების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამასთან, სააგენტო Reuters საფრანგეთის პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ კერიმოვი საგადასახადო მაქინაციების საქმეზე დააკავეს.


51 წლის სულეიმან კერიმოვი 2008 წლიდან რუსეთის ფედერაციის საბჭოში დაღესტანს წარმოადგენს. რუსული „ფორბსის“ მილიარდერების რეიტინგში 2017 წლის მონაცემებით კერიმოვი 21-ე ადგილს იკავებს, მის ქონებას ჟურნალი 6,3 მილიარდ დოლარად აფასებს. კერიმოვების ოჯახს ეკუთვნის კომპანია „პოლიუსის“ აქციების 82,44%, ასევე მაჰაჩყალას საერთაშორისო აეროპორტი.


გამოცემა Nice Matin-ი მარტში წერდა, რომ თებერვალში ლაჟვარდოვან სანაპიროზე მდებარე სახლში სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს. 12 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის ვილა სავარაუდოდ ბიზნესმენ კერიმოვს ეკუთვნის. სახლის ავტოფარეხში აღმოჩენილია Ferrari-სა და Bugatti-ს ავტომობილები. ოფიციალურად ვილის მფლობელია შვეიცარიელი ფინანსისტი ალექსანდერ შტუდჰალტერი, თუმცა ფრანგი სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ ის ქონების ფიქტიური მესაკუთრეა. კერიმოვის თანაშემწემ მაშინ განაცხადა, რომ სენატორი რუსეთის ფარგლებს გარეთ უძრავ ქონებას არ ფლობს.