„მე ადმინისტრაციაში არსებული წინააღმდეგობის ნაწილი ვარ“ - New York Times-ი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის ანონიმურ სტატიას აქვეყნებს
თეთრი სახლის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკას გამუდმებით ეწინააღმდეგებიან, – ასეთი შინაარსის სტატია გამოაქვეყნა New York Times-მა, რომლის ანონიმური ავტორი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდა პოლიტიკაზე საუბრობს.
რედაქცია განმარტავს, რომ სტატიის ავტორი ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანია, რომლის ვინაობა New York Times-ისთვის ცნობია, თუმცა ვერ გაასაჯაროებს.
„შესაძლოა, ეს ჩვენს ქაოსურ ეპოქაში დამშვიდების საბაბს არ იძლევა, თუმცა ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ ოთახში უფროსებიც არიან“, – აღნიშნულია სტატიაში.
გამონაკლისის სახით ანონიმური ავტორის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მაინც დააწესა, მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი ამის წინააღმდეგი იყო.
სტატიის ავტორი წერს, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე თავად არის. ის საკუთარ სახელს ადმინისტრაციაში ადგილის დაკარგვის საფრთხის გამო არ ასაჯაროებს.
სტატიის ავტორის თქმით, მათი მოქმედების მიზანი, დონალდ ტრამპის მიერ პრეზიდენტის პოსტის დატოვებამდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვაა. როგორც სტატიაშია აღნიშნული, დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეები რესპუბლიკური პარტიის იდეოლოგიას იზიარებენ და სურთ, რომ პრეზიდენტის ადმინსიტრაცია წარმატებული იყოს, თუმცა „დონალდ ტრამპი საკუთარი ქმედებებით ქვეყნისთვის ზიანის მოტანას განაგრძობს“. ანონიმური ავტორის თქმით, პრობლემის ფესვები პრეზიდენტის ამორალურობაში იმალება.
New York Times-ის სკანდალურ სტატიას უკვე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა Twitter-ის პირად გვერდზე ჯერ მხოლოდ რამდენიმე სიტყვა დაწერა – „სახელმწიფო ღალატი?“. შემდეგ კი თეთრი სახლის მაღალჩინოსნის არსებობაში ეჭვი შეიტანა. პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ ადმინისტრაციის ის თანამშრომელი მართლა არსებობს, რომელმაც გამოცემაში სტატია გამოაქვეყნა, New York Times-ი ვალდებულია, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მიზნით, მისი ვინაობა თეთრ სახლს გაუმხილოს.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კი სტატიას ეგოისტური და უაზრო უწოდა. სარა სანდერსმა გამოცემისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.