New York Times- სპეციალური პროკურორი დონალდ ტრამპს 40-ზე მეტ კითხვას დაუსვამს
New York Times-მა შეიტყო კითხვები, რომელთა დასმაც სპეციალურ პროკურორს ტრამპისთვის სურს. გამოცემის ცნობით, კითხვების ნუსხა რობერტ მიულერმა აშშ-ის პრეზიდენტის ადვოკატებს უკვე გადასცა.
მათ შორის არის კითხვები, რომლებიც აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ყოფილი უფროსის, ჯეიმს კომის და უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩევლის, მაიკლ ფლინის გათავისუფლებას ეხება. ასევე პრეზიდენტის დამოკიდებულების შესახებ პროკურორ ჯეფ სეშენსთან და „ტრამპ თაუერში“ გამართული შეხვედრის შესახებ, რომელსაც ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრები და რუსი იურისტი ნატალია ვესელნიცკაია ესწრებოდნენ.
სპეციალური პროკურორის კითხვები ასევე შეეხება რუსეთთან ფარული კავშირების საქმეზე ბრალდებული პირების სავარაუდო შეწყალებას. კიდევ ერთი კითხვა უკავშირდება ტრამპის ბიზნეს-საქმიანობას.
სულ New York Times-ის ცნობით, გამოძიებას ტრამპთან 40-ზე მეტი კითხვა ექნება. გამოცემის ინფორმაციით, კითხვების ნუსხა მათ ანონიმურმა წყარომ გადასცა, რომელიც არ არის დაკავშირებული პრეზიდენტის ადვოკატებთან.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის წევრების რუსეთთან ფარული კავშირების საქმეზე აშშ-ის სპეციალურმა პროკურორმა ბრალი 22 ფიზიკურ პირს წაუყენა. მათ შორის არის ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი.
დონალდ ტრამპმა გამოძიების ერთ-ერთ ეტაპზე განაცხადა, რომ მზადაა სპეცპროკურორის კითხვებს უპასუხოს. თუმცა შემდეგ ადვოკატებმა პრეზიდენტს ურჩიეს თავი შეეკავებინა ამ ნაბიჯისგან.
რუსეთი კატეგორიულად უარყოფს აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში ჩარევას, ხოლო ტრამპი გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს.