The New York Times - რატომ არის თურქული ლირის კრიზისი მნიშვნელოვანი თურქეთის საზღვრებს გარეთაც
რატომ არის თურქული ლირის კრიზისი მნიშვნელოვანი თურქეთის საზღვრებს გარეთაც – ასეთი სათაურით სტატიას ამერიკული გამოცემა The New York Times-ი აქვეყნებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ თურქეთში არსებული ადგილობრივი ფინანსური კრიზისი შესაძლოა, სწრაფად გადაიქცეს გლობალურ კრიზისად.
„ინვესტორები კვლავ შეშფოთებული არიან ბაზრებზე განვითარებული მოვლენების გამო. ამჟამად მთავარი პრობლემა თურქეთია, თუმცა ადამიანების ყურადღებას სინამდვილეში ის პერსპექტივა იპყრობს, რომ იქ არსებული ფინანსური პრობლემები შესაძლოა, სხვა, სწრაფად მზარდ, თუმცა სარისკო ქვეყნებში გავრცელდეს“, – წერს სტატიის ავტორი მეტ ფილიპსი.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თურქული ლირა 20 პროცენტზე მეტით გაუფასურდა, რამაც ფინანსურ ბაზრებზე რყევა გამოიწვია.
„ერთი შეხედვით, ეს თურქეთისთვის დამახასიათებელ პრობლემას ჰგავს, რადგან ქვეყნის ეკონომიკა შესუსტებულია. ამავე დროს, თურქეთის ავტორიტარმა პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გააძლიერა კონტროლი ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე. მან ფინანსთა მინისტრად თავისი სიძე დანიშნა. გააკეთა მთელი რიგი განცხადებები, რამაც ქვეყნის ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა შელახა და მაღალი საპროცენტო განაკვეთების პერსპექტივა შეამცირა”, – აღნიშნულია სტატიაში.
The New York Times-ის მასალაში ნათქვამია, რომ უცხოელი ინვესტორები შეშინებული არიან და ქვეყნიდან ფული გააქვთ, რაც ნიშნავს, რომ ისინი ყიდიან ლირას და ყიდულობენ დოლარს ან სხვა ვალუტას. შედეგად, ლირის ღირებულება დაეცა.
„თურქეთის ეკონომიკა არ არის ძალიან დიდი, ამიტომ მისი ჩამოშლის შემთხვევაშიც კი, არ არის აუცილებელი, რომ ამას გლობალურ ეკონომიკაზე დიდი გავლენა ჰქონდეს. თუმცა, თურქული საგას ელემენტები აჩვენებს, რამდენად მოწყვლადი შეიძლება იყოს სხვა ფინანსური ბაზრები უცხოელი ინვესტორების ანალოგიური გადინების მიმართ. ბოლო წლებში ინვესტორებმა მსოფლიოს უფრო მდიდარი მხარეებიდან, როგორიცაა აშშ, ევროპა და იაპონია, ასესხეს მილიარდობით დოლარი თურქეთის, სამხრეთ აფრიკისა და არგენტინის მსგავსი განვითარებადი ქვეყნების მთავრობებსა და კომპანიებს. ეს იყო მიმზიდველი გეგმა, რადგან აშშ-სა და სხვა განვითარებულ ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთი წარმოუდგენლად დაბალია. საპროცენტო განაკვეთის სიმცირე კი, გამოწვეულია იმით, რომ ბოლო რეცესიის შემდეგ ცენტრალური ბანკები მათი ეკონომიკების გაჯანსაღებას ცდილობდნენ. უფრო მაღალი განაკვეთი, რომელიც თურქეთის მსგავს ქვეყნებს აქვთ, უცხოურ კაპიტალს მაგნიტივით იზიდავდა. ახლა, როდესაც აშშ-ის ეკონომიკა კვლავ ძლიერია, ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთს ზრდის. შედეგად ამერიკულ ბაზრებში ფულის დაბანდება უფრო მიმზიდველი ჩანს და დოლარი გამყარდა. ძლიერი დოლარი ცუდია უცხო ქვეყნებისა და კომპანიებისთვის, რომლებმაც დოლარი ისესხეს, ვინაიდან ვალუტის მოძრაობა ყოველთვის ურთიერთდაკავშირებულია. თუ დოლარი მაღლაა, ეს ნიშნავს, რომ სხვა ვალუტები დაბლაა და პირიქით. მყარი დოლარი უფრო მეტად ართულებს უცხოელებისთვის დოლარზე დაფუძნებული სესხების გადახდას “, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორის მონაცემებით, თურქეთი ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომლის ეკონომიკური ზრდა უცხოურ კრედიტებს ემყარება.
„ამავე ნავში არიან არგენტინა და სამხრეთ აფრიკა. სწორედ ამიტომ, ზოგი ფიქრობს, რომ თურქეთში მიმდინარე პრობლემები შესაძლოა, იყოს რაღაც უფრო დიდის დასაწყისი. მართლაც, არგენტინის ცენტრალურმა ბანკმა ორშაბათს საფონდო ბირჟები საპროცენტო განაკვეთის ხუთი პუნქტით გაზრდით გააკვირვა. ეს საკუთარი ვალუტის მხარდაჭერის და უცხოელი ინვესტორების შენარჩუნების მცდელობა იყო“, – ნათქვამია სტატიაში.