The New York Times-ი - დონალდ ტრამპმა ჯეიმს მეტისი შესაძლოა, თავდაცვის მდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლოს
აშშ-ის პრეზიდენტმა შესაძლოა, ნოემბერში დაგეგმილი შუალედური არჩევნების შემდეგ, ჯეიმს მეტისი თავდაცვის მდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლოს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი თეთრ სახლში, კონგრესსა და პენტაგონში რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, დონალდ ტრამპსა და ჯეიმს მეტისs რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე აქვთ უთანხმოება, მათ შორის ნატო-სთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე, სამხრეთ კორეასთან ერთობლივი წვრთნების განახლებასა და ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის საკითხზე.
როგორც The New York Times-ი წერს, მეტისი პრეზიდენტთან უთანხმოებისა ან დაუმორჩილებლობის გასაჯაროებას ერიდება. თუმცა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას, ცდილობს, საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს და აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯებისგან შეაკავოს, რაც ტრამპის უკმაყოფილებას იწვევს.
„კიდევ რამდენ ხანს შეძლებს მეტისი ერთგული საზღვაო ქვეითის როლის შესრულებას, უცნობია. ბატონი მეტისის ბედი მნიშვნელოვანია, რადგან ის უცხოელი მოკავშირეებისა და მოწინააღმდეგეებისა და ასევე აშშ-ში ეროვნული უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ აღიქმება როგორც კაბინეტის წევრი, რომელიც მერყევ პრეზიდენტსა და გლობალურ არეულობას შორის დგას“, – წერს The New York Times-ი.