ნევროლოგი ოთარ თოიძე - სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი მკვეთრად გამოხატულია და სპეციალური რეაბილიტაციის ღონისძიებების ჩატარება სჭირდება
სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი მკვეთრად გამოხატულია და ეს არ არის ნორმალური. ის საჭიროებს სპეციალური რეაბილიტაციის ღონისძიებების ჩატარებას, – ამის შესახებ ნევროლოგმა ოთარ თოიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისვე თქმით, ხვალ შესაძლოა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად მასთან კონსილიუმი მივიდეს.
„დღეს პრეზიდენტი სუსტად გამოიყურება. თვითონაც აღნიშნავს, რომ გადაღლილია და ურჩევნია, იწვეს. რაც შეეხება ნევროლოგიურ სტატიას, არ შეცვლილა. ხან ცოტათი უმჯობესდება, ხან – უარესდება. ზოგადად, შეიძლება შეფასდეს, რომ მისი ნევროლოგიური სტატუსი მკვეთრად გამოხატულია და ეს არ არის ნორმალური. ის საჭიროებს სპეციალური რეაბილიტაციის ღონისძიებების ჩატარებას. ხვალ ალბათ კონსილიუმი მოვა პრეზიდენტის მდგომარეობის შესაფასებლად, რასაც დასკვნა მოჰყვება“, – განაცხადა ოთარ თოიძემ.
რაც შეეხება სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე დასწრების საკითხს, როგორც ოთარ თოიძე ამბობს, დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, როგორც ექიმი, მას სასამართლო სხდომაზე დასწრებას არ ურჩევს.
„ვფიქრობ, პროცესებზე დასწრება არ იქნება დასაშვები. არ ვურჩევ, ძალიან სუსტადაა. უჭირს დგომა, სიარული, ადვილად იღლება. უახლოეს ორ-სამ დღეში მდგომარეობის გამოსწორებას არ ველოდები. ვფიქრობთ, ასე დარჩება“, – აღნიშნა ოთარ თოიძემ.