ნევროლოგი ოთარ თოიძე - მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას და საკითხის დაყენებას უცხოეთის რომელიმე წამყვან კლინიკაში გადაყვანაზე
ნევროლოგი ოთარ თოიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ხელების კანკალი აქვს, რაც ნევროლოგიური გართულებაა და მოსალოდნელიც იყო. მისივე თქმით, ამის შესახებ ადვოკატებმა მიაწოდეს ინფორმაცია.
„ხელების კანკალი ნევროლოგიური გართულებაა, რომელიც მოსალოდნელი იყო. ემთხვევა მისი წინა ლაბორატორიული მონაცემების შედეგებს, რომელიც ალბათ გაუარესებულია. გარდა ამისა, არის კიდევ სხვა ნიშნები, როგორც ადვოკატებმა თქვეს. ეს არის უკვე გართულება, კალიუმის ნაკლებობა, რომელიც სასიკვდილოდ შეიძლება დასრულდეს. ჩვენ, ექიმები მოვითხოვთ მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას და საკითხის დაყენებას უცხოეთის რომელიმე წამყვან კლინიკაში გადაყვანისთვის.
გარდა ამისა, მე ვარ წარმომამდგენელი იმ ექსპერტთა ჯგუფისა, რომელიც პარალელურად მუშაობს. დღეს საღამოს მზად გვექნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის ექიმთა მიმართვა, ალბათ შედეგები იქნება დღეს გაგზავნილი“, – განაცხადა ოთარ თოიძემ.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მთელი დღეა, მე-18 დაწესებულებასთან იმყოფება, თუმცა დაწესებულებაში შესასვლელად ჯერ საშვი არ მიუციათ.
„გუშინაც აქ ვიყავი, დღესაც მთელი დღეა, აქ ვარ, ჯერ არავითარი საშვი, არაფერი არ მოუციათ. გვითხრეს, რომ მოიცადეთ, მაგრამ არაფერი პასუხი არ არის“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
რაც შეეხება კითხვას, შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი, დაესწროს ხვალ პროცესს, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ეს რთული სათქმელია.
„რთული სათქმელია, ვერ გეტყვით, ადვოკატები ამბობენ, რომ ხელები უკანკალებს. ეს არის ახალი ჩივილი“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.