ნევროლოგი ოთარ თოიძე - მიხეილ სააკაშვილს ზოგადი სისუსტე დღემდე შენარჩუნებული აქვს, მას უჭირს სწორ ხაზზე სიარული
მიხეილ სააკაშვილს ზოგადი სისუსტე, დაღლილობა და არასტაბილურობა დღემდე შენარჩუნებული აქვს, მკვეთრი ნერვული დეფიციტი რჩება, ძირითადად გამოიხატება კოორდინაციის დარღვევაში, მას უჭირს სწორ ხაზზე სიარული, – ამის შესახებ ნევროლოგმა, ოთარ თოიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ჟურნალისტებს განუცხადა.
„ზოგადი სისუსტე, ადვილი განლევადობა, დაღლილობა და არასტაბილურობა მას დღემდე შენარჩუნებული აქვს. მკვეთრი ნერვული დეფიციტი რჩება, ძირითადად გამოიხატება კოორდინაციის დარღვევაში. მას უჭირს სწორ ხაზზე სიარული. აქვს სხვადასხვა პათოლოგიური ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ გარკვეულ დაზიანებას ტვინის სტრუქტურებში. მედიკამენტების საკითხს სახელმწიფო კომისია წყვეტს.
მზადდება საექსპერტო დასკვნა და არის ძალიან ვრცელი და დიდი. დასამუშავებლად სავარაუდოდ ორი-სამი დღე დარჩა“,- განაცხადა ოთარ თოიძემ.