ნევროლოგი ოთარ თოიძე აცხადებს, რომ სააკაშვილს პატიმრობაში ყოფნისას განუვითარდა მძიმე ნევროლოგიური პრობლემები, რომლებიც სასჯელისაგან გათავისუფლების საფუძველია 
ნევროლოგი ოთარ თოიძე აცხადებს, რომ სააკაშვილს პატიმრობაში ყოფნისას განუვითარდა მძიმე ნევროლოგიური პრობლემები, რომლებიც სასჯელისაგან გათავისუფლების საფუძველია 

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომაზე ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტიზაში მონაწილე ნევროლოგი ოთარ თოიძე იკითხება.

როგორც ოთარ თოიძემ განაცხადა, სააკაშვილს ის პრობლემები, რომლებიც კვლევისას დაადგინეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეყვანის დროს არ ჰქონდა.

მისივე თქმით, სააკაშვილს პატიმრობაში ყოფნის დროს განუვითარდა მძიმე ნევროლოგიური პრობლემები, დაუზუსტებელი დემენცია, მენტალური პრობლემები, კახექსია ანუ წონაში კლება, რომლებიც, მისივე განმარტებით, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სასჯელისაგან გათავისუფლების საფუძველია.

ოთარ თოიძის განმარტებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და სათანადო მკურნალობას საჭიროებს.

სააკაშვილის ადვოკატებმა ექსპერტს შეკითხვა დაუსვეს სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალების აღმოჩენასთან დაკავშირებითაც. როგორც ოთარ თოიძემ განაცხადა, გაცნობილია ამერიკელი ექსპერტების დასკვნას. მისივე თქმით, მძიმე მეტალების დოზის განსაზღვრას სამი ტიპის კვლევა სჭირდება.

„რაც შეეხება თალიუმის, ტყვიის და ვერცხლისწყლის დონეს სააკაშვილის ორგანიზმში, ინტოქსიკაციის დონის განსაზღვრისთვის საჭიროა სისხლში, შარდში, თმაზე ან ქსოვილზე რამდენიმე კვლევის ჩატარება. ეს დონეები სისხლში არარელევანტურია. მძიმე მეტალებს აქვთ თვისება, ილექებიან ქსოვილებში. გამოძევება წლების განმავლობაში, თანდათანობით ხდება“, – განაცხადა თოიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.