ნევადას შტატში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს 12 ნოემბრამდე არ გამოაცხადებენ
ნევადას შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩვენების შედეგებს 12 ნოემბრამდე არ გამოაცხადებენ. ამის შესახებ განცხადება ნევადას საარჩევნო კომისიის წევრმა გააკეთა. ჯო გლორიას თქმით, საარჩევნო კომისიის წევრები ემზადებიან 51 ათასი ბიულეტენის დასათვლელად, რომელიც ამომრჩევლებმა ფოსტით გააგზავნეს.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ბიულეტენების დათვლას შაბათს ან კვირას დავასრულებთ. თუმცა საერთო ჯამში ხმების დათვლა 12 ნოემბრამდე არ დასრულდება“, – განაცხადა ნევადას საარჩევნო კომისიის წევრმა.
ნევადას საარჩევნო კომისიაში ასევე განაცხადეს, რომ ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების მიღება 10 ნოემბრამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ნევადა ერთ-ერთია იმ ხუთ შტატს შორის, სადაც აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობა ჯერ არ დაუსახელებიათ.
მანამდე, ტრამპის შტაბის წევრებმა სასამართლოს მიმართეს და განაცხადეს, რომ ნევადაში ხმა ათასობით ამომრჩეველმა მისცა, რომელიც შტატში აღარ ცხოვრობს.