„ნენსკრა ჰიდროში“ კომპანიისთვის გადაცემულ მიწებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებენ
„ნენსკრა ჰიდროში“ კომპანიისთვის გადაცემულ მიწებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებენ. კომპანიის ცნობით, ყველა ადგილობრივი მოსახლე, რომელიც მიწებით სარგებლობს, შესაბამის კომპენსაციას მიიღებს.
„ნენსკრას და ნაკრას ხეობებში აღნიშნული მიწის ნაკვეთების გარკვეული ნაწილით სარგებლობს ადგილობრივი მოსახლეობა. თუმცა, მათ არ გააჩნიათ საკუთრების უფლების დამდგენი ისეთი დოკუმენტი, რომელიც მათ მისცემდა საშუალებას, დაერეგისტრირებინათ ისინი კერძო საკუთრებაში. ვინაიდან პროექტი ხორციელდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობითა და მათ მიერ დადგენილი პოლიტიკის მიხედვით, სს „ნენსკრა ჰიდრო“ აღიარებს მიწის ტრადიციულ, ფაქტიურ მფლობელობას და პროექტის ზემოქმედებაში მოქცეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დროებითი ან მუდმივი დანაკარგისთვის უზრუნველყოფს შესაბამის კომპენსაციას სრული ჩანაცვლებითი ღირებულებით, იმავე პრინციპებით როგორც ახორციელებს რეგისტრირებული საკუთრების უფლების შემთხვევაში. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ნენსკრას ხეობაში პროექტის ზემოქმედებაში მოქცეული მიწების ძირითადი ნაწილი უკვე დაკომპენსირებულია სწორედ ზემოთ ხსენებული პოლიტიკითა და პრინციპებით. რაც შეეხება ნაკრას ხეობას, ადგილობრივი მოსახლეობის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობს მიწის ნაკვეთების აზომვითი სამუშაოები, მიწის კატეგორიის განსაზღვრა და მათი ინვენტარიზაცია შემდგომში დანაკარგის განსაზღვრისა და კომპენსაციის მიზნით“, – განმარტავენ კომპანიაში.
„ნენსკრა ჰესის“ ინვესტორ კომპანიას მიწები მთავრობის გადაწყვეტილებით გადაეცა.