„ნენსკრა ჰიდრო" ჭუბერში ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„ნენსკრა ჰიდრო" ჭუბერში ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, ვითარების გასაცნობად ადგილზე გაემგზავრა სს „ნენსკრა ჰიდროს“ ხელმძღვანელობაც სრული შემადგენლობით

„კომპანიის ხელთ არსებული ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად მიმდინარე წლის 7 ივნისს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მდინარე ნენსკრას შენაკადი – დევრულა ადიდდა. შედეგად დაზიანდა მასზე გამავალი ხიდი, რამაც მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. თუმცა ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. სოფელ ქვემო მარღში კი, მდინარე მარღულაზე გამავალ ხიდზე უსაფრთხოების მიზნით მოძრაობა შეიზღუდა.

ამ დროისთვის სს „ნენსკრა ჰიდროს“ თანამშრომლებს უწყვეტი კომუნიკაცია აქვთ ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა საჭიროების შემთხვევაში დახმარება აღმოუჩინონ. ვითარების გასაცნობად ადგილზე გაემგზავრა სს „ნენსკრა ჰიდროს“ ხელმძღვანელობაც სრული შემადგენლობით. ამასთანავე, მობილიზებულია სს „ნენსკრა ჰიდროს“ სუბკონტრაქტორი კომპანიის – „ქართული სამშენებლო კონსორციუმის“ მძიმე ტექნიკა”, – აღნიშნულია განცხადებაში.