აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აკრიტიკებს სენატის გადაწყვეტილებას, რომელმაც იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში დონალდ ტრამპი ორივე მუხლით უდანაშაულოდ ცნო.
როგორც ნენსი პელოსი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რესპუბლიკელებმა სენატში კონსტიტუციას უღალატეს, რის გამოც თეთრი სახლის ხელმძღვანელი კვლავ რჩება საფრთხედ ამერიკული დემოკრატიისთვის. წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თქმით, ტრამპი ამტკიცებს, რომ ის კანონზე მაღლა დგას და სურვილის შემთხვევაში, შეუძლია, მოისყიდოს არჩევნები.
აშშ-ის პრეზიდენტს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესისთვის გამოძიებაში ხელის შეშლაში ჰქონდა წარდგენილი ბრალი. 100-ადგილიან სენატში, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკელები ფლობენ, ტრამპის იმპიჩმენტისთვის ხმების ორი-მესამედი იყო საჭირო. ერთადერთი რესპუბლიკელი, რომელმაც დონალდ ტრამპი ერთი მუხლით – ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში, დამნაშავედ მიიჩნია, მიტ რომნი იყო. დანარჩენმა რესპუბლიკელებმა პრეზიდენტის უდანაშაულოდ გამოცხადებას მისცეს ხმა.
სენატში იმპიჩმენტის ფარგლებში გამართულ დასკვნით კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტი კონგრესისადმი ყოველწლიური მიმართვით წარდგა. სიტყვის დაწყებამდე მან ხელი არ ჩამოართვა ნენსი პელოსის. პრეზიდენტის გამოსვლის დასასრულს, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა დონალდ ტრამპის ტექსტი დემონსტრაციულად დახია. კონგრესის შენობის დატოვებამდე მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში ნენსი პელოსიმ ტრამპის გამოსვლას „სიცრუის მანიფესტი“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ცხრა თვის შემდეგ აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ეყოლება.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის ნოემბერში გაიმართება.