ნენსი პელოსი - მხარს ვუჭერთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას, კონგრესის სახელით მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს, რომელიც საფრთხეს უქმნის სამშვიდობო შეთანხმების ასე საჭირო პერსპექტივებს
მხარს ვუჭერთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ერევანში სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზხე განაცხადა.
ნენსი პელოსის თქმით, ალენ სიმონიანთან ჰქონდა ნაყოფიერი შეხვედრა, რომელზედაც ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის კონგრესის ვალდებულებები, იმუშაოს უსაფრთხოების, ეკონომიკის და დემოკრატიის საკითხებზე სომხეთსა და რეგიონში. პელოსის თქმით, მისი ორდღიანი ვიზიტი შეეხება უსაფრთხოების საკითხებს.
„ჩვენს შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ყურადღებას ვამახვილებთ უსაფრთხოებაზე. შეხვედრა მოჰყვა აზერბაიჯანის მხრიდან არაკანონიერ და სასიკვდილო თავდასხმას სომხეთის ტერიტორიაზე. ჩვენ, ჩვენი დელეგაცია კონგრესის სახელით მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს, რომელიც საფრთხეს უქმნის სამშვიდობო შეთანხმების ასე საჭირო პერსპექტივებს. შეერთებულმა შტატებმა, როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, მკაფიოდ და დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ კონფლიქტს არ შეიძლება, ჰქონდეს სამხედრო გადაწყვეტა. ჩვენ ვაგრძელებთ მოვლენებზე თვალყურის დევნას და მხარს ვუჭერთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით, ყოვლისმომცველ და მდგრად გადაწყვეტას. მანამდე გამართულ შეხვედრებზე აღვნიშნეთ, რომ ათწლეულების განმავლობაში კონგრესში მთიან ყარაბაღში არსებულ კონფლიქტზე პასუხისმგებლობას თურქეთსა და აზერბაიჯანს ვაკისრებდით“, – განაცხადა პელოსიმ.