ნენსი პელოსი - დონალდ ტრამპი უნდა წავიდეს და ის სენატმა გაასამართლოს
წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის განცხადებით, მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უნდა წავიდეს და ის სენატმა უნდა გაასამართლოს. ეს განცხადება დემოკრატიული პარტიის ლიდერმა კონგრესში მიმდინარე სხდომაზე გააკეთა, სადაც კანონმდებლები პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის ხელმეორედ გამოცხადების შესახებ მსჯელობენ.
„ჩვენ ვიცით, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა წააქეზა ეს ამბოხი, ეს შეიარაღებული აჯანყება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ის უნდა წავიდეს. ის საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ერისთვის, რომელიც ყველას ასე ძალიან გვიყვარს“, – განაცხადა პელოსიმ.
თავის გამოსვლაში დემოკრატების ლიდერმა 6 იანვარს კონგრესში შეჭრილ ტრამპის მხარდამჭერებს „შიდა ტერორისტები“ უწოდა, რომელიც კაპიტოლიუმში პრეზიდენტმა გააგზავნა, რათა პირადი მიზნისთვის მიეღწია და ძალაუფლება შეენარჩუნებინა. პელოსის თქმით, კაპიტოლიუმის დარბევაში მონაწილეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ და სამართალი უნდა აღსრულდეს. მან მოუწოდა სენატს,იმპიჩმენტს მხარი დაუჭიროს.
„პრეზიდენტმა ტრამპმა 3 ნოემბერს გამართული არჩევნები წააგო და შემდეგ ძალიან ბევრჯერ მოიტყუა ამ არჩევნების შედეგის შესახებ, რითაც ეჭვქვეშ დააყენა დემოკრატია და კონსტიტუციის დარღვევით შეეცადა ზეწოლა მოეხდინა სახელმწიფო მოხელეებზე, რათა შეეცვალა რეალობა. ამას მოჰყვა 6 იანვარის მოვლენები. პრეზიდენტის იმპიჩმენტი აუცილებელია. მჯერა, რომ პრეზიდენტი უნდა გაასამართლოს სენატმა, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენი რესპუბლიკა დაცულია ამ კაცისგან, რომელიც ასეთი მოწადინებული იყო გაენადგურებინა ის ყველაფერი, რაც ჩვენთვის ასეთი ძვირფასია და გვაერთიანებს. ეს მე არ მახარებს, ის რაც ხდება, გულდასწყვეტია ჩემთვის და ყველასთვის ასე უნდა იყოს“, – განაცხადა პელოსიმ.
წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტის გამოცხადების მოთხოვნით რეზოლუციას დღეს უნდა უყარონ კენჭი. იმ შემთხვევაში, თუ კონგრესის ქვედა პალატა, სადაც დემოკრატები უმრავლესობაში არიან, მხარს დაუჭერს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, აუცილებელი იქნება სენატის სპეციალური სესიის დანიშვნა, რომელზეც პრეზიდენტს ბრალი უნდა წაუყენონ და შემდეგს ამ საკითხს სენატორებმა უნდა უყარონ კენჭი.
შეგახსენებთ, რომ დემოკრატები და რესპუბლიკელების ნაწილი ტრამპს 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის წაქეზებაში სდებენ ბრალს. კონგრესის შენობაში განვითარებული მოვლენების დროს 5 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთი პოლიციელი.