„ნეიშენალ ინტერესტი“ - საქართველო დამსახურებულად მიიღებს მონაწილეობას დემოკრატიის სამიტში, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ჩატარდება
„ნეიშენალ ინტერესტი“ - საქართველო დამსახურებულად მიიღებს მონაწილეობას დემოკრატიის სამიტში, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ჩატარდება

საქართველო რუსეთის შავი ზღვის სტრატეგიის შემდეგი სამიზნეა? – ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს ამერიკული გამოცემა „ნეიშენალ ინტერესტი“.

პუბლიკაციის ავტორი ქამრან ბოხარი წერს, რომ „მოსკოვს გადაწყვეტილი აქვს საქართველოში დასავლეთის წარმომადგენლობა აღმოფხვრას და სწორედ ამიტომ ვაშინგტონს სჭირდება თბილისთან კავშირების გაძლიერება“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ „აშშ-ის სტრატეგია შავ ზღვაში უნდა ეფუძნებოდეს რუსეთის იმპერატივებსა და შეზღუდვებს. მოსკოვისთვის ეს რეგიონი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ის უზრუნველყოფს წვდომას საერთაშორისო საზღვაო მარშრუტებთან ხორბლისა და ნავთობის ექსპორტისთვის. ამასთან, რუსეთი შავ ზღვას იყენებს ძალაუფლების გაფართოებისთვის ევროპასა და შუა აღმოსავლეთში“.

სტატიის ავტორი ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ „რუსები უკვე ორი ათწლეულია აგრესიულად ასუსტებენ დასავლეთის მიერ გატარებულ უსაფრთხოების ზომებს“ და ამის მაგალითად მას მოჰყავს 2008 წელს რუსეთის შეჭრა საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში. ქამრან ბოხარის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა გაცილებით უფრო სერიოზულად უნდა აღიქვას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი.

„რუსები 2014 წლიდან აკონტროლებს უკრაინის აღმოსავლეთის დიდ ნაწილს და ყირიმს. თუმცა, რუსეთს არ სურს სიტუაციის ესკალაცია შავ ზღვის სანაპიროზე, რადგან მოსკოვს თურქეთის განაწყენება არ სურს. ამრიგად საქართველო რჩება ერთადერთ სახელმწიფოდ ამ რეგიონში, სადაც კრემლს სიტუაციის ესკალაცია შეუძლია. შავი ზღვის ხუთი ქვეყნიდან, რომლებიც აშშ-ის მოკავშირეები არიან, საქართველო არის ერთადერთი, რომელიც ყველაზე მეტად განიცდის კრემლის გავლენას აღმოსავლეთ ფლანგზე. 1991 წელს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან რუსეთი ეწინააღმდეგება, რომ საქართველო გახდეს დასავლეთის სტაბილური მოკავშირე და მოსკოვი ამას აკეთებს მათ შორის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ექსკლავების ოკუპაციის გაგრძელებით“ – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორის თქმით, „რუსეთს ახლაც შეუძლია გამოიყენოს ის ფაქტი, რომ აშშ-ის ყურადღება სულ უფრო მეტად არის მიმართული ინდო-წყნარი ოკეანეთისკენ.

„მაშინ, როდესაც შეერთებული შტატები იბრძოდა ერაყსა და ავღანეთში, კრემლმა ეს პერიოდი საქართველოზე იერიშის მისატანად გამოიყენა. მოსკოვი სავარაუდოდ ისარგებლებს აშშ-ის მიერ ფოკუსის გადატანით ინდო-წყნარ ოკეანეთზე“, – ნათქვამია „ნეიშენალ ინტერესტის“ სტატიაში.

ამასთან, პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო რუსეთის ზემოქმედებას განიცდის არა მხოლოდ სამხედრო, არამედ მავნე ზეგავლენის უფრო შენიღბული ფორმებითაც. აშშ-ის სამთავრობო წყაროები ამბობენ, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვა ცდილობს ისარგებლოს საქართველოში შიდაპოლიტიკური ბრძოლით.

„მიუხედავად კრემლის ამ ძალისხმევისა, საქართველომ 30 ოქტომბერს წარმატებულად ჩაატარა მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა, რომლებიც 300-ზე მეტ ორგანიზაციას წარმოადგენდნენ,  დაახასიათეს როგორც კარგად ორგანიზებული და კონკურენტული. 2019 წლიდან მმართველი პარტია ქართული ოცნება სათავეში უდგას საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმებს, რომელიც ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციებს ითვალისწინებს.“ – წერს ავტორი.

„საქართველოში ჩატარებული მუნიციპალური არჩევნების ორივე ტურის შედეგად, ქვეყანაში მოქმედებს მის ისტორიაში ყველაზე მრავალფეროვანი და მრავალპარტიული საკანონმდებლო ორგანო. ზრდადი პოლიტიკური პოლარიზებისა და პანდემიის გამოწვევების მიუხედავად, მოსახლეობის დიდი ნაწილი მივიდა საარჩევნო ურნებთან საკუთარი პოლიტიკური არჩევანის გასაკეთებლად. ქვეყანაში არსებული ფართო პოლიტიკური სპექტრის სიმპათიები არჩევნების შედეგებში ნათლად აისახა“, – წერს ბოხარი.

„არჩევნების შემდეგ ქვეყნის ლიდერები მოუწოდებენ ყველა პარტიას, პატივისცემის მოეკიდონ საარჩევნო პროცესს და შეამცირონ მიკერძოებულობა, რომელიც საქართველოს საზოგადოებას თან სდევდა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ხსენებული არჩევნები სწორი გეზით მიმართავს ქვეყანას, განაგრძოს ევრო-ატლანტიკური მომავლისაკენ სვლა, ხოლო 2024 წელს ქვეყანამ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე“, – ნათქვამია სტატიაში.

„მაშინ, როდესაც რუსეთი ჩართულია კომპლექსურ საინფორმაციო კამპანიებსა და ოპერაციებში, რომლებიც მიზნად ისახავენ დემოკრატიების დემორალიზებას/ჩამოშლას, შეერთებული შტატები ვალდებულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს. ზუსტად ასეთი სახის მოწოდებები გაჟღერდა 27 ოქტომბერს, შავი ზღვის უსაფრთხოების თემის გარშემო აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ორგანიზებულ მოსმენაზე, სადაც სენატორმა ჯინ შაჰინმა ხაზგასმით აღნიშნა (უკრაინის პარალელურად) საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისა და საჭირო რეფორმების განხორციელების კუთხით ალიანსის ჩართულობისა და დახმარების მნიშვნელობა“, – აცხადებს „ნეიშენალ ინტერესტი“​ ანალიტიკოსი.

ავტორის თქმით, საქართველო დამსახურებულად მიიღებს მონაწილეობას 8-9 დეკემბერს დაგეგმილ დემოკრატიის სამიტში, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ჩატარდება.

„სამი კვირის წინ, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ხელი მოაწერა ახალ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნის პროცესს. ცალკე უნდა აღინიშნოს ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი, რომელიც საქართველომ ითამაშა ავღანეთიდან ევაკუაციის ძალისხმევის ფარგლებში, სადაც ქვეყანამ დახმარება გაუწია აშშ-ს ავღანეთიდან მოწყვლადი კონტინგენტის/უცხოელი სამოქალაქო პირების რეპატრიაციას და ავღანეთის მოქალაქეებისათვის უსაფრთხო ტრანზიტის უზრუნველყოფას”, – წერს ანალიტიკოსი ქამრან ბოხარი.

„ნეიშენალ ინტერესტის“ ანალიტიკოსის განცხადებით, რუსეთი აკვირდება აშშ-ის მიერ დემოკრატიის წახალისების ხელშეწყობას და ამ პროცესს ერთდროულად, ერთის მხრივ საფრთხედ, ხოლო მეორეს მხრივ კი შესაძლებლობად აღიქვამს.

„აშშ-მა არ უნდა მისცეს უფლება რუსეთს, ისარგებლოს ავღანეთის ტრაგედიით, რათა შეამციროს ნდობა აშშ-სადმი სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებში, როგორიცაა სამხრეთ კავკასია. ეს კი მოითხოვს ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერას თბილისსა და შავი ზღვის რეგიონში“, – ნათქვამია სტატიაში.