„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის ნეიმარის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, – ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციაზე დაყრდნობით ამის შესახებ სააგენტო AFP წერს. ოპერაცია ქალაქ ბელუ-ორიზონტიში ჩატარდა. ბრაზილიის ნაკრების 26 წლის თავდამსხმელი უკვე თავის პალატაში ისვენებს.
ჯერჯერობით უცნობია ფეხბურთელის აღდგენის ზუსტი ვადები. როგორც პსჟ-ის ოფიციალური ვებგვერდი წერს, ნეიმარს თვენახევრის შემდეგ განმეორებითი შემოწმება ელოდება და მოედანზე მისი დაბრუნების თარიღი მაშინ გახდება ცნობილი.
ნეიმარმა ტრავმა 25 თებერვალს, “მარსელთან” საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში მიიღო. ბრაზილიელს კოჭის ერთ-ერთი ძვალი გაებზარა და კუნთი დაეჭიმა.