ნედ პრაისი - საქართველოს გვერდით ვდგავართ მრავალი წელია, დემოკრატიის მშენებლობა დაუსრულებელია ამ ქვეყანაშიც და სხვაგანაც, მაგრამ ვცდილობდით, შეგვეტანა წვლილი, რათა დავხმარებოდით დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში
ნედ პრაისი - საქართველოს გვერდით ვდგავართ მრავალი წელია, დემოკრატიის მშენებლობა დაუსრულებელია ამ ქვეყანაშიც და სხვაგანაც, მაგრამ ვცდილობდით, შეგვეტანა წვლილი, რათა დავხმარებოდით დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში

საქართველოს გვერდით ვდგავართ მრავალი წელია, დემოკრატიის მშენებლობა დაუსრულებელია ამ ქვეყანაშიც და სხვაგანაც, მაგრამ ვცდილობდით, შეგვეტანა ჩვენი წვლილი, რათა დავხმარებოდით დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, ქართული მედიის წარმომადგენელმა პრაისს ჰკითხა, რომ საქართველოში არის განცხადებები მოსამართლის მიმართ დაწესებულ უსამართლო სანქციებზე, კონკრეტულ საქმეზე, რომელიც, როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, თავად მოსამართლემაც დაადასტურა და ამან გარკვეულწილად საქართველოში გაუგებარი ვითარება შექმნა, პრაისმა უპასუხა:

„არ ვარ ამ კონკრეტულ საკითხში გარკვეული, მაგრამ თუ რაიმე სპეციფიკური წინადადება გვექნება, ვიტყვით. უფრო ფართოდ რომ ვისაუბრო, საქმე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. საქართველოს გვერდით ვდგავართ, ქართული დემოკრატიის მშენებლობის მცდელობების გვერდით მრავალი წელია, მისი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან. დემოკრატიის მშენებლობა დაუსრულებელია და ეს სიმართლეა, ამ ქვეყანაშიც და სხვაგანაც. მაგრამ ჩვენ ვცდილობდით, შეგვეტანა ჩვენი წვლილი, რათა დავხმარებოდით დემოკრატიული ინსტიტუტების და იმ ინსტიტუტების მშენებლობაში, გაძლიერებაში, რომლებიც იცავენ კანონის უზენაესობას სხვა ძირითად პრინციპებთან ერთად.

წლების განმავლობაში გამოვყავით თითქმის ექვსი მილიარდი დოლარი დახმარების სახით საქართველოსთვის, მათ შორის უსაფრთხოების სექტორში. ჩვენ გვყავს ათასობით ადამიანი, რომლებიც კულტურულ და საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობენ. ვეხმარებოდით ეკონომიკურ ზრდაში, კანონის უზენაესობის განმტკიცებაში, დემოკრატიულ მართვაში და სხვა ინიციატივებში”,- განაცხადა ნედ პრაისმა.