საქართველო არის აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჟურნალისტმა იკითხა, რა კონკრეტულ სამხედრო ან ეკონომიკურ დახმარებას განიხილავს აშშ, თუ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ მორიგ სამხედრო აგრესიას განახორციელებს ან მოახდენს საქართველოს ტერიტორიის ანექსიას.
„საქართველო არის აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ ვაჩვენეთ საქართველოს მხარდაჭერა და ეს პარტნიორობა სხვადასხვა გზით, მათ შორის უკანასკნელ თვეებში. არ განვავრცობ ჰიპოთეზებს, რა შეიძლება ვიხილოთ მოსკოვის მხრიდან, თუმცა ვიტყვი, რომ ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, და მათ შორის უკრაინის მაგალითზე, რომ აშშ ამ რეგიონში პარტნიორების ერთგულია. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც იცის, როგორია რუსული აგრესიის კვალი. ეს არის ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით გადაიტანა ეს აგრესია 2008 წელს. ჩვენ კვლავაც მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.