ნედ პრაისი - მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავშეკავებისკენ, თავიდან აირიდონ გამამწვავებელი და ძალადობრივი ქმედებები, დაიცვან კანონის უზენაესობა და საქართველოს დემოკრატიული ღირებულებები
მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავშეკავებისკენ და თავიდან აირიდონ გამამწვავებელი, ძალადობრივი ქმედებები, ამავდროულად, დაიცვან კანონის უზენაესობა და საქართველოს დემოკრატიული ღირებულებები, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ აგრძელებს თბილისში მიმდინარე პროცესების ყურადღებით თვალყურის დევნებას.
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლების უფლებას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავშეკავებისკენ და თავიდან აირიდონ გამამწვავებელი და ძალადობრივი ქმედებები, ამავდროულად, დაიცვან კანონის უზენაესობა და საქართველოს დემოკრატიული ღირებულებები. ჩვენ, როგორც უკვე ბოლო დღეებში არაერთხელ აღვნიშნეთ, ღრმად ვართ შეშფოთებული ცოტა ხნის წინ წარდგენილი უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტით, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, სტიგმატიზებას განახორციელებს და ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმებსა და მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ უკეთესი მომავლის შენება თავიანთ საზოგადოებაში.
პარლამენტი იღებს კრემლით შთაგონებულ კანონპროექტს, რომელიც შეუთავსებელია საქართველოს მოსახლეობის ევროპაში ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების მკაფიო სურვილთან. ამ კანონპროექტის გაგრძელება, ჩვენი აზრით, დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რაც ქართველი ხალხის მისწრაფებების საფუძველია და რომელსაც ქართველი ხალხი მისდევდა ათწლეულების განმავლობაში, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. საქართველოს აქვს ევროპაში, ევროკავშირში სრული ინტეგრაციის მისწრაფება“, – განაცხადა ნედ პრაისმა.