ნედ პრაისი - მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივაში რუსეთის მონაწილეობის შეწყვეტას აქვს მყისიერი და დამაზიანებელი გავლენა გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე
გაერო-ს შუამავლობით მიღწეულ მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივაში რუსეთის მონაწილეობის შეწყვეტას აქვს მყისიერი და დამაზიანებელი გავლენა გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მარცვლეულის შეთანხმების გარშემო გაურკვევლობამ სურსათის ფასების ზრდა გამოიწვია.
„ინიციატივის ნებისმიერი ჩაშლა სურსათის ფასის მკვეთრ ზრდას, შავი ზღვის მარშრუტებზე დაბრუნებული სადაზღვევო კომპანიების და კომერციული გადამზიდავების ნდობის შემცირებას და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის დამატებითი სირთულეების რისკს ქმნის“, – აღნიშნა ნედ პრაისმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ეს არ არის რუსეთსა და უკრაინას შორის ორმხრივი საკითხი. როგორც პრაისმა აღნიშნა, შეთანხმების ფარგლებში ექსპორტირებული ხორბლის 66 პროცენტი განვითარებად ქვეყნებში გაიგზავნა, 19% კი ყველაზე ნაკლებად განვითარებად ქვეყნებში.