ნედ პრაისი -  უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსის მიერ რუსეთისთვის დახმარების  აღმოჩენის შემთხვევაში, ვაშინგტონი მინსკს დამატებით სანქციებს დაუწესებს
ნედ პრაისი - უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსის მიერ რუსეთისთვის დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში, ვაშინგტონი მინსკს დამატებით სანქციებს დაუწესებს

ბელარუსის მიერ რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომში დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში, ვაშინგტონი მინსკს დამატებით სანქციებს დაუწესებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

„აღმოუჩენს თუ არა ბელარუსი დამატებით მხარდაჭერას პუტინის ომს უკრაინაში, ეს არის ის, რასაც ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით. ამის პოტენციალს თუ ვიხილავთ, შესაბამისად მოვახდენთ რეაგირებას დამატებითი ზომების დასაწესებლად, რათა ლუკაშენკოს რეჟიმს პასუხი ვაგებინოთ იმისთვის, რაც არსებითად წარმოადგენს მის თანამონაწილეობას უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომში“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ასევე გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ რუსეთი არ აპირებს ვინმეს შთანთქმას. ნედ პრაისმა აღნიშნულ განცხადებას ირონიის მწვერვალი უწოდა ლიდერისგან, რომელიც „მოცემულ მომენტში ცდილობს, ძალადობრივად შთანთქას მშვიდობიანი კარის მეზობელი“.