ნედ პრაისი - აშშ სწავლობს ფინანსურ დოკუმენტებს, რომლებიც „პანდორას დოკუმენტების“ სახელით გავრცელდა
აშშ სწავლობს ფინანსურ დოკუმენტებს, რომლებიც „პანდორას დოკუმენტების“ სახელით გავრცელდა, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა დეტალებზე არ ისაუბრა.
„პანდორას დოკუმენტების“ სახელით გასაჯაროებული მასალები მსოფლიო ლიდერების საიდუმლო სიმდიდრისა და გარიგებების შესახებ მოიცავს ინფორმაციას. საიდუმლო დოკუმენტები „გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა“ მოიპოვა, რის შემდეგაც მასალებით მსოფლიოს წამყვანი გამოცემები დაინტერესდნენ.
მასალებში წარმოდგენილია 100-ზე მეტი მილიარდერის, მსოფლიოს 35 პოლიტიკური ლიდერისა და 300 საჯარო მოხელის ინფორმაცია. დოკუმენტებით ირკვევა, რომ რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის ლიდერები საიდუმლო აქტივებს ფლობენ და ფარულ გარიგებებს აფორმებენ. დოკუმენტებში ასევე საუბარია იორდანიის მეფის, აბდულა მეორის, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის, ასევე კვიპროსის, პაკისტანის, კენიის, ეკვადორისა და სხვა ქვეყნების ლიდერების საიდუმლო ქონებასა და გარიგებებზე.