ნედ პრაისი აცხადებს, რომ აშშ მიესალმება თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების შეხვედრას, დიალოგი საუკეთესო საშუალებაა მშვიდობისთვის და გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას
აშშ მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების შეხვედრას და სჯერა, რომ დიალოგი არის საუკეთესო გზა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობიანი, დემოკრატიული მომავლისა და კეთილდღეობის მისაღწევად. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.
ჟურნალისტი ბრიფინგზე დაინტერესდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებში აშშ-ის როლით. ნედ პრაისის განცხადებით, აშშ გააგრძელებს დიალოგის მხარდაჭერას ყველა შესაძლებელი გზით.
„ჩვენ აქტიურ როლს ვასრულებთ. მუდმივად ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, ჩავერთოთ ორმხრივ დონეზე და თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, მათ შორის ჩვენი, როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის როლის ფარგლებში, რათა დავეხმაროთ ქვეყნებს გრძელვადიანი ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევაში. ბოლო კვირებში სახელმწიფო მდივან ბლინკენს ჰქონდა ურთიერთობის შესაძლებლობა კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრებთან. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დონფრიდს, სხვებსაც ამ შენობიდან, ასევე ჰქონდათ აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან მაღალი დონის ურთიერთობის შესაძლებლობა. ჩვენ მივესალმეთ წარმომადგენლებს შორის შეხვედრას. ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ დიალოგი არის საუკეთესო საშუალება სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობიანი, დემოკრატიული მომავლისა და კეთილდღეობის მისაღწევად და გავაგრძელებთ ამის მხარდაჭერას ყველა შესაძლებელი გზით“, – განაცხადა ნედ პრაისმა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 16 ივლისს თბილისში გაიმართა. მოლაპარაკებებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უმასპინძლა.