ნედ პრაისი - აშშ-მა მიიღო გარანტიები, რომ უკრაინა ჩვენ მიერ გადაცემულ შეიარაღებას რუსეთის შიგნით მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ არ გამოიყენებს
აშშ-მა მიიღო გარანტიები, რომ უკრაინა ჩვენ მიერ გადაცემულ შეიარაღებას რუსეთის შიგნით მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ არ გამოიყენებს, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ყოველდღიური ბრიფინგის დროს გააკეთა. მისი თქმით, აშშ აკეთებს ყველაფერს, რათა განამტკიცოს უკრაინელი პარტნიორების პოზიციები როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან.
„უკრაინას აქვს სრული უფლება, უპასუხოს რუსეთის აგრესიას. ფაქტი ისაა, რომ რუსეთის სამხედროები ახლა იმყოფებიან უკრაინის შიგნით, მათ სუვერენულ ტერიტორიაზე და ისინი იქ არიან სხვადასხვა ფორმით 2014 წლიდან, თუმცა ცხადია, უფრო ფართოდ 24 თებერვლიდან. ამიტომ, უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, როგორც ეს ყველა ქვეყანას აქვს. მართალია ისიც, რომ მივიღეთ გარანტიები, რომ გუშინ გადაცემულ სისტემებს არ გამოიყენებენ რუსეთის შიგნით მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
ამასთან, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ-ის საბოლოო მიზანი არის ომის დასრულება, თუმცა თუ ბრძოლა დასრულდება დღეს, მაშინ უკრაინის სახელმწიფო აღარ იარსებებს.
„ჩვენი საბოლოო მიზანი არის ომის დასრულება. რომ ძალადობა შეწყდეს და დასრულდეს კონფლიქტი, რომლის წამოწყების საჭიროება არ არსებობდა. ჩვენ გვინდა, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა გავაძლიეროთ უკრაინელების პოზიციები, როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან. სწორედ ამიტომ ვაწვდით მათ სამხედრო დახმარებას და ვაწესებთ ახალ სანქციების, რომ რუსეთმა პასუხი აგოს. მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენ ფრთხილად ვიქცევით, რათ უზრუნველვყოთ, რომ ჩვენმა ან საერთაშორისო საზოგადოების ქმედებებმა არ გაახანგრძლივოს ეს ომი. დღეს არსებობს ერთი ქვეყანა, რომელსაც ომის გაჭიანურება სურს და ეს რუსეთია. თუ უკრაინა შეაჩერებს ბრძოლას დღეს, მაშინ ხვალ სუვერენული უკრაინა არ იარსებებს. თუ რუსეთი შეაჩერებს ბრძოლას, მაშინ ომი არ იქნება“, – განაცხადა ნედ პრაისმა.