NDI - წინა კვლევასთან შედარებით, 14 პროცენტით გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება
NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობისთვის საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. კვლევის მიხედვით, წინა კვლევასთან შედარებით, 14 პროცენტით გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
შეკითხვაზე, – განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ, საერთო ჯამში, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, თქვენ რომელს ეთანხმებით? – პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება – 37%; საქართველოს არასწორი მიმართულებით ვითარდება – 31%; საქართველო საერთოდ არ იცვლება – 26%.
ამავე კვლევის მიხედვით, ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით ყველაზე კრიტიკულად კვლავ თბილისის მცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი. ქვეყნის მიმართულების დადებითი შეფასება კი ყველაზე მეტად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში გაიზარდა.
ასევე, NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ამბობს, რომ საქართველოში თავს დაცულად გრძნობს. შეკითხვაზე, – ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად დაცულად ან დაუცველად გრძნობთ თავს საქართველოში? – პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: დაცულად – 66%, დაუცველად 34%, არ ვიცი – 1%.
ავტორების ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.