NDI - ოპოზიციის ყოველი მეხუთე მხარდამჭერი და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს
NDI - ოპოზიციის ყოველი მეხუთე მხარდამჭერი და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს

მოსახლეობის რეკორდულად დაბალი რაოდენობა, 24 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ერთი პოლიტიკური პარტია მაინც არსებობს, რომელიც მის ინტერესებს წარმოადგენს, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალ კვლევაშია ნათქვამი.

ამასთან, კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 14 პროცენტი და ოპოზიციის მხარდამჭერთა 36 პროცენტი ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ წარმოადგენს. ახალგაზრდები (18 -34 წლის მოსახლეობა) განსაკუთრებული სკეპტიკურობით გამოირჩევიან.

გამოკითხვის ავტორები აღნიშნავენ, რომ, გასულ წელთან შედარებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის გაიზარდა იმ ადამიანების წილი ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანაში ერთი პოლიტიკური პარტია მაინც არსებობს, რომელიც მათ ინტერესებს წარმოადგენს.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, მოსახლეობის თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს; კიდევ უფრო მეტი ამბობს ამავეს არჩეულ ოპოზიციურ პარტიებზე.

ამასთან, გამოკითხვის თანახმად, ოპოზიციის მხარდამჭერთა ნახევარი ფიქრობს, რომ არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. „აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მეხუთედი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს“, – ნათქვამია კვლევაში.

კვლევის თანახმად, ოპოზიციის ყოველი მეხუთე მხარდამჭერი და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.

ამასთან, გამოკითხვის თანახმად, უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. კერძოდ, უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.

„პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება“, – აღნიშნავენ კვლევის ავტორები.