NDI - მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ დასაქმებულია
NDI - მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ დასაქმებულია

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ დასაქმებულია. კითხვაზე, ჩამოთვლილთაგან რა უფრო შეესაბამება თქვენს მდგომარეობას, პასუხები ასეთია: დასაქმებულია – 44 პროცენტი, დაუსაქმებელია – 15 პროცენტი, სხვა – 41 პროცენტი.

კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობა, 35-54 ასაკობრივი ჯგუფი და კაცები უფრო მეტად ამბობენ, რომ დასაქმებულები არიან.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, მათი თითქმის ნახევარი, ვინც ამბობს, რომ უმუშევარია, სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს, ან ვერ შოულობს სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურებით. გამოკითხულთა 42 პროცენტი ამბობს, რომ სამსახურს ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს. 20 პროცენტი ამბობს, რომ არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით, 18 პროცენტი ამბობს, რომ ეძებს სამსახურს, მაგრამ ვერ იპოვა შესაბამისი ანაზღაურებით.

NDI-ის კვლევის მიხედვით, ოთხი წლის წინანდელთან შედარებით, ახლა მეტი მოქალაქე ამბობს, რომ მათი ოჯახი მეტ ფულს გამოიმუშავებს. მეტი შემოსავლის მიუხედავად, უმრავლესობას, ხუთი წლის წინანდელთან შედარებით, იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვთ. ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ მათი ოჯახი ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაშია.

NDI-ის ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.