NDI - გამყარდა მოსაზრება, რომ საქართველოს ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, ხოლო რუსეთთან პარტნიორობის მხარდაჭერამ იკლო

გამყარდა მოსაზრება, რომ საქართველოს ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, ხოლო რუსეთთან პარტნიორობის მხარდაჭერამ იკლო, – ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.

როგორც ავტორები აღნიშნავენ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე სასურველი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორები ევროკავშირი, აშშ და თურქეთი არიან.

კითხვაზე, რომელ ქვეყნებთან ან გაერთიანებებთან უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური/ეკონომიკური თანამშრომლობა, 42 პროცენტი პასუხობს, რომ მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა უნდა ჰქონდეს ევროკავშირთან. კვლევაში მითითებულია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი ომის დაწყებამდე 29 პროცენტი იყო. აშშ-ს ასახელებს 35 პროცენტი (36 პროცენტი იყო ომის დაწყებამდე), თურქეთს კი 17 პროცენტი (ომის დაწყებამდე: 15 პროცენტი). შემდეგ მოდის აზერბაიჯანი 13 პროცენტით (ომის დაწყებამდე: 11 პროცენტი). მომდევნო ადგილზეა რუსეთი, რომელთან პოლიტიკურ თანამშრომლობასაც უკრაინაში ომის დაწყებამდე 24 პროცენტი უჭერდა მხარს, მარტის მდგომარეობით კი ეს მაჩვენებელი 13 პროცენტამდეა შემცირებული. უკრაინას ასახელებს 11 პროცენტი.

რაც შეეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას, 40 პროცენტი ასახელებს ევროკავშირს (ომის დაწყებამდე: 30 პროცენტი), 28 პროცენტი – აშშ-ს, 26 პროცენტი – თურქეთს, 17 პროცენტი – აზერბაიჯანს, 16 პროცენტი თუ რუსეთს. რუსეთის მაჩვენებელი ომის დაწყების შემდეგ 13 პროცენტით არის შემცირებული.

როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ რუსეთის გავლენა საქართველოზე გაიზარდა (53 პროცენტი).

კითხვაზე, თითოეული ჩამოთვლილისთვის, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შემდეგის გავლენა საქართველოზე გაიზარდა, იგივე დარჩა თუ შემცირდა, 53 პროცენტი აღნიშნავს, რომ რუსეთის გავლენა გაიზარდა, 25-25 პროცენტი აცხადებს, რომ გაზრდილია ევროკავშირისა და აშშ-ის გავლენა, ხოლო 17 პროცენტის აზრით – ნატო-ს გავლენა. ომის დაწყებამდე რუსეთის გავლენის ზრდაზე საუბრობდა 51 პროცენტი, 33 პროცენტი – ევროკავშირის, 31 პროცენტი – აშშ-ის, 25 პროცენტი – ნატოსი.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა რუსეთის გავლენას უარყოფითად, ხოლო ევროკავშირის, ნატოსა და აშშ-ს გავლენას დადებითად აფასებს.

ამასთან, კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა ევროკავშირში გაწევრიანებას კვლავ აქტიურად უჭერს მხარს (74 პროცენტი).

როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ ევროკავშირი საქართველოს ეკონომიკასა და უსაფრთხოებას გააძლიერებს.

კვლევის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირს დაშორდა (ომის დაწყებამდე – 27 პროცენტი, ომის დაწყების შემდეგ – 36 პროცენტი).

NDI-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობით საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს (აღნიშნული მაჩვენებელი თებერვლიდან მარტამდე 18-დან 10 პროცენტამდე დაეცა).

ამასსთან, კვლევის მიხედვით, ევროკავშირის წევრობის განაცხადზე ხელმოწერა თანაბრად მისაღებია ყველასთვის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკისა და პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად (83 პროცენტი).

რაც შეეხება ნატო-ს, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მოსახლეობა ნატო-ში გაწევრიანებას კვლავაც აქტიურად უჭერს მხარს (71 პროცენტი).

კვლევის თანახმად, ომის დაწყების შემდეგ, თებერვლის თვესთან შედარებით, უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ ნატო საქართველოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს (58 პროცენტი). ამასთან, გამოკითხულთა 69 პროცენტი მიიჩნევს, რომ თუ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ეს გაზრდის რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაძლებლობას.

გამოკითხვის თანახმად, ყოველ მეორე მოქალაქეს სჯერა, რომ საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს (55 პროცენტი).

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით, CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევა დღეს გამოქვეყნდა. კვლევის ავტორების ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.