NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდნენ პრეზიდენტის საქმიანობას, გამოკითხულთა 16 პროცენტი ამბობს, რომ კარგად აფასებს, 41 პროცენტი – საშუალოდ, 30 პროცენტი კი ცუდად აფასებს პრეზიდენტის საქმიანობას. არ ვიცი – 11-მა პროცენტმა უპასუხა, ხოლო გამოკითხულთა ერთმა პროცენტმა უარი განაცხადა პასუხზე.
ამ შემთხვევაში, მიმდინარე წლის მარტის თვესთან შედარებით, დადებითობის მაჩვენებელი ერთი პროცენტით შემცირდა, ხოლო უარყოფითი მაჩვენებელი ორი პროცენტით გაიზარდა.
პრეზიდენტის საქმიანობის შეფასება, კვლევის მიხედვით, მსგავსია სხვადასხვა ჯგუფს შორის. თუმცა კვლევაში აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას კაცები უფრო კრიტიკულად აფასებენ, ვიდრე ქალები.
NDI-ის ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.