NDI - გამოკითხულთა 81% მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა ქალებისთვის პრობლემას წარმოადგენს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) დაინტერესდა, საქართველოში ქალებისთვის წარმოადგენს თუ არა პრობლემას ოჯახში ძალადობა, ადრეული ქორწინება, ასევე ქალების სიმცირე პოლიტიკაში.
გამოკითხულთა 81% მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა ქალებისთვის პრობლემას წარმოადგენს, 16%-თვის კი არ არის პრობლემა. 72% მიიჩნევს, რომ ადრეული ქორწინება მათთვის პრობლემაა, ხოლო 24%-თვის კი არა.
გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ პრობლემაა, როდესაც ქალებზე არასასურველი სექსუალური ხასიათის ზეწოლა ხორციელდება, 26% კი პირიქით ფიქრობს.
53%-ის მოსაზრებით, ქალების სიმცირე პოლიტიკაში ქალებისთვის პრობლემას წარმოადგენს, 40% ფიქრობს, რომ პრობლემას არ წარმოადგენს.
NDI-ს კვლევის თანახმად, 47% მიიჩნევს, რომ ქალებს მემკვიდრეობით არ აძლევენ ოჯახის ქონებას, 43%-თვის ეს ქალებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ხოლო 10%-მა კი არ იცის.
ამასთან, 45% ფიქრობს, რომ ქალების რეპროდუქციული ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ნაკლებობა ქალებისთვის პრობლემას წარმოადგენს, ხოლო 34%-თვის პრობლემა არ არის.
36% ფიქრობს, რომ პრობლემაა, როდესაც ქალებს ხელმძღვანელის პოზიციაზე არ ასაქმებენ. 57%-ის აზრით კი, ეს პრობლემას არ წარმოადგენს.
30%-ს მოსაზრებით, პრობლემაა, როდესაც ქალებს არ უხდიან იმდენს, რამდენსაც მათ კაც კოლეგებს. გამოკითხულთა 59%-თვის კი ეს პრობლემას არ წარმოადგენს.
NDI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC საქართველო.