NDI - გამოკითხულთა 73 პროცენტისთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, ხოლო ევროკავშირის წევრობას 81 პროცენტი უჭერს მხარს
NDI 2022 წლის დეკემბრის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ამბობს, რომ საქართველოში ნატო-სა და ევროკავშირის მხარდაჭერა კვლავაც სტაბილურად მაღალია.
შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, 73% პასუხობს – მისაღებია, 14% – მიუღებელია, 11% – არ ვიცი.
აგვისტოს თვეში იმავე შეკითხვაზე 69% პასუხობდა, რომ საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი მისაღებია, 16%-თვის ეს მიზანი მიუღებელი იყო, 14%-ს შეკითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.
რაც შეეხება ევროკავშირის მხარდაჭერას, მონაცემები გაზრდილია.
შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა, საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 81%-თვის მისაღებია, 9%-თვის მიუღებელი, არ ვიცი – პასუხობს 9%. წინა კვლევის მაჩვენებლები ასე გამოიყურებოდა: 75% – მისაღებია, 14% -მიუღებელია, 10% -არ ვიცი პასუხი.
ავტორების ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.