NDI - გამოკითხულთა 27% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ 10%, "ევროპულ საქართველოს" - 3%
კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, NDI-ის მიერ გამოკითხულთა 27 პროცენტი ამბობს, რომ ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.
გამოკითხულთა 24% აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 15%-მა არ იცის, 13 პროცენტს უარი აქვს პასუხზე.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას 10% მისცემდა, “ევროპულ საქართველოს” – 3%, სხვა – 7%.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
კვლევის ცდომილება ± 1.9%-ს შეადგენს.