NDI-ის დელეგაცია საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესს შეაფასებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაცია საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესს შეაფასებს. საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია თბილისში უკვე ჩამოვიდა.
NDI-ის ინფორმაციით, დელეგაციის ვიზიტის მიზანი საქართველოში დემოკრატიული პროცესებისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირება და საარჩევნო პროცესებისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცებაა.
დელეგაციის წევრები არიან: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე – კარლ ინდერფურტი; ნიუ ჯერსის შტატის ყოფილი გუბერნატორი და გარემოს დაცვის სააგენტოს ყოფილი ადმინისტრატორი – კრისტინ ტოდ-ვიტმანი; ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში – პერ ეკლუნდი; დამოუკიდებელი საარჩევნო ექსპერტი – მარია ბაბიჩი; NDI-ის ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში – ლორა თორნტონი; საქართველოში, თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში NDI-ის პროგრამების დირექტორი – მელისა მუსიო.
დელეგაცია 23-27 ივლისის პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებს, საარჩევნო კანდიდატებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, საარჩევნო ადმინისტრაციის, მედიის, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრების შედეგად არჩევნებისთვის სამზადისი, საარჩევნო პროცესის ძირითადი სუბიექტების პოლიტიკური აქტივობები და ზოგადად, საარჩევნო გარემოს შეფასდება.
„NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქმიანობას მიუკერძოებლად, პროფესიონალურად და საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესაბამისად განახორციელებს“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
NDI-ის დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად დასკვნებსა და რეკომენდაციებს პრესკონფერენციაზე, 27 ივლისს გამოაქვეყნებს.