NDI- არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ კანდიდატს 26 პროცენტი, ხოლო გიორგი მარგველაშვილს 21 პროცენტი დაუჭერდა მხარს
NDI-ის კვლევის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაახლოებით 32 პროცენტი მისცემდა ხმას.
NDI-ის ინფორმაციით, გამოკითხვაში მოქალაქეებს მეორე ტურის შესაძლო სცენარებზეც დაესვათ კითხვა და ყველა წარმოდგენილი სცენარის შემთხვევაში, „ქართული ოცნების” კანდიდატს დაახლოებით 32 პროცენტი მისცემდა ხმას. მეორე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატის წინააღმდეგ კი, „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს 20 პროცენტი მისცემდა ხმას, დავით ბაქრაძეს – 20 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატს – 11 პროცენტი, შალვა ნათელაშვილს კი – 18 პროცენტი.
ამასთან, მცირედით განსხვავებული სურათი იქმნება მეორე ტურში გიორგი მარგველაშვილისა და „ქართული ოცნების” კანდიდატის დაპირისპირების შემთხვევაში. კვლევის მიხედვით, ასეთი არჩევანის პირობებში, მოსახლეობის 26 პროცენტი „ქართული ოცნების“ კანდიდატს, 21 პროცენტი კი, მოქმედ პრეზიდენტს დაუჭერდა მხარს.
გამოკითხვა ასევე აჩვენებს, რომ მოსახლეობის აზრით, ოპოზიციამ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა დააყენოს.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC საქართველომ კვლევა დღეს გამოაქვეყნეს.
კვლევა, 2018 წლის 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,409 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.