NBC - რუსეთის თავდასხმის სამიზნედ შესაძლოა, შვედეთის ტერიტორია იქცეს
ყირიმის ანექსია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნისთვის, შვედეთისთვის საფრთხეების გაცნობიერების იმპულსად იქცა.
„ყირიმის ანექსიის შემდეგ, შვედეთი გამოფხიზლდა. თითქოს დიდი ხნის წინ მივიწყებული საფრთხე ხელახლა დავინახეთ“, – განაცხადა ერიკ ბრატბერგმა ვაშინგტონის კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსმა ამერიკულ NBC-ისთან ინტერვიუში.
ბრატბერგი მიიჩნევს, რომ ადრე თუ გვიან შვედეთი შესაძლოა რუსეთის აგრესიის სამიზნედ იქცეს, რისთვისაც შვედეთის მთავრობას სტრატეგია სჭირდება.
შვედეთის მთავრობამ სტოკჰოლმის ცენტრში მდებარე, ათწლეულების წინ აშენებული, ბომბისგან სამალავის რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილება სწორედ თავდაცვის მიზნით მიიღო. NBC-ის გადამღები ჯგუფის ობიექტივში ცივი ომის პერიოდში აშენებული უზარმაზარი ბუნკერის ექსკლუზიური კადრები მოხვდა.
„თუ რუსეთი შვედეთზე თავდასხმას განახორციელებს, რაც უკვე რეალურ საფრთხედ განიხილება, სამალავად ცივი ომის ეპოქის ბუნკერებს გამოვიყენებთ“, – განაცხადა შვედეთის სამოქალაქო თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა ოვე ბრუნსტრომმა.
დღეს შვედეთის ტერიტორიაზე 65 ათასი ასეთი სამალავი არსებობს. მათ არსებობას 2014 წლამდე მხოლოდ გიგანტური მეტალის კარი ადასტურებდა. მივიწყებული ბუნკერები შვედეთის მთავრობას 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის დროს გაახსენდა.
2014 წლიდან დღემდე შვედეთისა და სკანდინავიის სხვა ქვეყნების, ასევე ბალტიისპირეთის სახელმწიფოების საჰაერო სივრცე რუსეთის ავიაციამ არაერთხელ დაარღვია.
გარდა ამისა, 2014 წლის აპრილში შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ ექვსი რუსული სამხედრო თვითმფრინავის მიერ შვედეთის საჰაერო სივრცის დარღვევის პარალელურად, შიდა წყლებში რუსული სამხედრო წყალქვეშა ხომალდის შეჭრის ფაქტი დაადასტურა. სტოკჰოლმის არქიპელაგის სიახლოვეს რუსული წყალქვეშა საბრძოლო გემის სამძებრო სამუშაოები 5 თვე გრძელდებოდა. მაშინ შვედეთმა და ფინეთმა საზღვაო დაცვა გააძლიერეს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო გემები თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ და მსოფლიო ოკეანის წყლებში პატრულირებდნენ. იმ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, ურთიერთობები შვედეთსა და მოსკოვს შორის დაიძაბა.
შვედეთის თავდაცვის სამინისტროში რუსეთისგან მომავალ საფრთხეზე ბოლო ერთ კვირაში კიდევ უფრო აქტიურად საუბრობენ. ამის მიზეზად ვლადიმერ პუტინის განცხადება იქცა. პუტინმა სახელმწიფო დუმაში სიტყვით გამოსვლისას რუსეთის თავდაცვისუნარიანობის გაზრდასა და ძალის დემონსტრირებაზე ერთი საათის განმავლობაში ისაუბრა. პუტინმა ბირთვული ქობინებით აღჭურვილი ბალისტიკური რაკეტები და საჭიროების შემთხვევაში, საპასუხო ბირთვული თავდასხმაც არაერთელ ახსენა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ძალმომრეობითი რიტორიკა შვედეთში არაპირდაპირ მუქარად მიიჩნიეს. ოვე ბრუნსტრომის თქმით, ეს არის გზავნილი, რომ მოსკოვი სკანდინავიის და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებზე თავდასხმას არ გამორიცხავს.
ვაშინგტონის საერთაშორისო სწავლებისა და ცენრალური სტრატეგიის ევროპის პროგრამების ხელმძღვანელი ჰიზერ კონლი მიიჩნევს, თუ რუსეთი ოკუპაციის მორიგ ტალღას წამოიწყებს, პირველ სამიზნედ შესაძლოა სწორედ ბალტიის ზღვაში მდებარე შვედეთის კუნძული გოტლანდი იქცეს.
„2014 წლის დასაწყისში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რუსეთი ყირიმის ანექსიას გაბედავდა, მაგრამ რუსეთმა გაბედა. რუსეთის ფედერაციის მთავრობა ოკუპაციას არ შეწყვეტს. შესაბამისად, შვედეთის მთავრობას, ასევე ბალკანეთის ქვეყნების მთავრობას თავდაცვის ახალი სტრატეგია უნდა ჰქონდეთ შემუშავებული“, – განაცხადა ჰიზერ კონლიმ.