NBC - აშშ-ისა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა უკრაინასთან დაიწყეს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოების შესაძლებლობის განხილვა
NBC - აშშ-ისა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა უკრაინასთან დაიწყეს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოების შესაძლებლობის განხილვა

აშშ-ისა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოების შესაძლებლობასთან დაკავშირებით უკრაინასთან საკითხის განხილვა დაიწყეს.

ამის შესახებ NBC News-ი ამერიკის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება.

ტელეკომპანიის ცნობით, საუბარია იმაზე, შეთანხმების მისაღწევად რაზე შეიძლება, უკრაინას მოუწიოს უარის თქმა. ერთ-ერთი ასეთი „დელიკატური“ განხილვა გასულ თვეს „რამშტაინის“ ფორმატში გამართული საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრისას შედგა.

ანონიმური წყაროს თქმით, ეს დისკუსიები დაიწყო ამერიკელი და ევროპელი მაღალჩინოსნების შეშფოთების ფონზე, რომ ომი ჩიხში შევიდა და დისკუსიები ასახავს ფრონტზე არსებულ ვითარებას, პოლიტიკურ სიტუაციას ევროპასა და აშშ-ში. ამასთან, წყაროს ცნობით, აშშ-ის ხელისუფლებაში შეშფოთებული არიან, რამდენად ნაკლებ ყურადღებას იქცევს უკრაინაში ომი მას შემდეგ, რაც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტი დაიწყო. ამერიკელი მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ ასეთმა ცვლილებებმა, შესაძლოა, გაართულოს უკრაინისთვის დამატებითი დახმარების მიღება. ისინი ფიქრობენ, რომ უკრაინას, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ან ცოტა მეტ ხანს აქვს დრო, ვიდრე დაიწყება სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გადაუდებელი დისკუსიები.

ამასთან, როგორც ანონიმური წყაროები აღნიშნავენ, ბაიდენის ადმინისტრაციას არავითარი ნიშნები არ გააჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა. მათი თქმით, პუტინი ჯერ კიდევ თვლის, რომ შეძლებს, დაელოდოს დასავლეთს და იქამდე იბრძოლებს, ვიდრე აშშ და მისი მოკავშირეები არ დაკარგავენ შიდა მხარდაჭერას უკრაინის ფინანსური დახმარების თაობაზე ან ვიდრე ძალიან ძვირი არ დაუჯდებათ ბრძოლა კიევისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალების მისაწოდებლად.