ნაზი ჯანეზაშვილი ყოფილ მოსამართლეებს ხვდება
ნაზი ჯანეზაშვილი ყოფილ მოსამართლეებს ხვდება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ყოფილ მოსამართლეებთან ერთად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესზე მსჯელობს.

შეხვედრას ათამდე ყოფილი მოსამართლე ესწრება.

საბჭოს არამოსამართლე წევრს მიაჩნია, რომ ყოფილი მოსამართლეების პოზიცია მნიშვნელოვანია, რადგან მათ სასამართლო სფეროში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ.

“დღევანდელი შეხვედრა მიეძღვნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევის პროცედურებს. ვფიქრობ, ყოფილი მოსამართლეების ხმა უნდა ისმოდეს. ეს ადამიანები ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ სასამართლო სისტემაში, აქვთ სერიოზული გამოცდილება და კარგი რეპუტაცია. შეხვედრაზე იქნებიან უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეებიც და საინტერესოა მათი პოზიცია“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

რაც შეეხება უზენაესი სასმართლოს მოსამართლეების შერჩევის წესს, ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ მოამზადეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უზენაესი მოსამართლეების შერჩევის წესს არეგულირებს.

„აუცილებელია, რომ საბჭოს მოქმედ წევრებს არ ჰქონდეთ უფლება, რომ ისინი იყვნენ დასახელებული კანდიდატებად იმ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ისინი არიან საბჭოს წევრები. მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც შეარჩევს კანდიდატებს და გადაწყვეტილება კონსენსუსით უნდა იყოს მიღებული“, – აცხადებს ჯანეზაშვილი.

დახურულ კარს მიღმა ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება, – ასე აფასებენ ყოფილი მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატთა ათკაციან სიას.

აბაშის რაიონული სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მიტროფანე სტურუა ფიქრობს, რომ დღეისთვის სასამართლო სისტემა მონოპოლიზებულია. ის საბჭოს მოსამართლე წევრებს „კლანს“ უწოდებს.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია საზოგადოების ჩართულობით უნდა შემუშავდეს.

„მონოპოლიზება გაუკეთეს სასამართლოს სისტემას. „ნაციონალური მოძრაობის“ დროიდან არსებული იუსტიციის საბჭოს სულისკვეთება გრძელდება. შეიკრიბა ეს კლანი. არავის ახალს არ აკარებენ და ერთმანეთს ნიშნავენ თანამდებობებზე. როგორც ამბობენ, ეს არის ივანიშვილსა და მურუსიძეს შორის გარიგება.

ეს ფარული ალიანსი გრძელდება, ჩუმად ჩაიკეტნენ და შეადგინეს სია, საკუთარი თავები წარადგინეს უზენაესი სასამართლოს კანდიდატებად, რაც სრულიად მიუღებელია“,- აცხადებს სტურუა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის სპეციალური წესის გაწერაზე საუბრობს კიდევ ერთი ყოფილი მოსამართლე თეა ხამახაძე. მისივე თქმით, საზოგადოების აღშფოთება სიასთან დაკავშირებით გამოიწვია იმან, რომ ის დახურულ კარს მიღმა შემუშავდა.