ნაზი ჯანეზაშვილი - ვფიქრობ, ჩვენი საკანონმდებლო წინადადება საბაზისოა
ჩვენი საკანონმდებლო წინადადება ვფიქრობ, საბაზისოა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა მისი და ანა დოლიძის მიერ მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის წესზე პარლამენტისთვის საკანონმდებლო წინადადებით მიმართვის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენი მომზადებული პროექტი, რომელიც ხუთ ძირითად პრინციპს მოიცავს, ვფიქრობ, საბაზისოა. თუ ვინმეს უნდა ცვლილებების განხორციელება, უნდა დაუჭიროს მხარი, რადგან ვთავაზობთ კონკურსის გამოცხადების სტანდარტის შემოღებას, ინტერესთა კონფლიქტის სტანდარტის შემოღებას, ასევე, საჯარო გასაუბრებას და ვთავაზობთ საკონსულტაციო ჯგუფს, რომელშიც შევლენ ადვოკატთა ასოციაციის, სახალხო დამცველის, უზენაესი სასამართლოს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია შეიქმნას დამატებითი რგოლი, რომელიც მოამზადებს დამოუკიდებელ დასკვნას, რომელიც იქნება საჯარო და ყველა დამსწრე საზოგადოებას, დაინტერესებულ პირს, რომელიც აკვირდება კონკურსს უზენაესი სასამართლოების კანდიდატურებთან დაკავშირებით, ექნება შესაძლებლობა, ნახოს, რა მოსაზრებებია ამა თუ იმ კანდიდატთან დაკავშირებით საკონსულტაციო ჯგუფის მიერ მომზადებული.
ამიტომ, ეს უზრუნველყოფს ეფექტური კონკურსის ჩატარებას, კარგი კანდიდატების შერჩევას და არ მოგვცემს იმ შედეგს, რომელიც აქამდე მივიღეთ“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის წესზე პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით დღეს მიმართეს. ინიციატივა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურებს ეხება და რამდენიმე მთავარ პრინციპს ეფუძნება. კერძოდ, მოთხოვნების თანახმად მოსამართლეთა შერჩევა ღია კონკურსის წესით უნდა მოხდეს, დადგინდეს სტანდარტი, რომლითაც ინტერესთა კონფლიქტის არსებობა გამოირიცხება, ასევე შეიქმნას საკონსულტაციო ჯგუფი.