ნაზი ჯანეზაშვილი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების საკითხის გადადება ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, არ უნდა გავჩერდეთ
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების საკითხის განხილვის გადადება უკვე არის შედეგი, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ განხილავმდე შემუშავდება პროცედურები და ჩამოყალიბდება პრინციპები.
„მნიშვნელოვანია, კლანმა იგრძნოს, მიუხედავდ იმისა, რომ ისინი ფორსმაჟორულ რეჟიმში მოქმედებდნენ და წარადგინეს კანდიდატები, პარლამენტმა თქვა, რომ საკითხი უნდა გადაიდოს. იმედი მაქვს, ამ პერიოდში შემუშავდება პროცედურები, პრინციპები, ღირებულებებზე ჩამოყალიბდება ყველა, როგორი მოსამართლე გვჭირდება უზენაეს სასამართლოში. ეს არის უკვე ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც პარლამენტმა გამოხატა. არ უნდა გავჩერდეთ“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.
მისი თქმით, აუცილებელია, შემუშავდეს რეგულაციები, რომელიც პროცესის ღიაობას უზრუნველყოფს.
რამდენიმე დღის წინ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. კანდიდატების დასახელებას პარლამენტის დეპუტატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესების გადაწყვეტილებას მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს.