ნაზი ჯანეზაშვილი - სხვადასხვა მიმართულებით მსჯელობა უნდა გაგრძელდეს, რადგან სასამართლოს ერთ-ერთი გამოწვევა მოსამართლეთა რაოდენობა და მმართველობის სტანდარტია
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემაში ძირეული რეფორმები განხორციელდეს.
ჯანეზაშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ სასამართლო რეფორმის შესახებ მემორანდუმზე ხელის მოწერას გამოეხმაურა.
ჯანეზაშვილის შეფასებით, საინტერესოა ის, რომ პოლიტიკოსები აღნიშნულ საკითხს დროს უთმობენ ახლა, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებში გარკვეულ შედეგებს მიაღწევენ.
„სხვადასხვა დროს ეს ინიციატივები მომისმენია. მათ შორის ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის გავრცელებასთან და მოსამართლეების არჩევის ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ზოგადად მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემაში განხორციელდეს ძირეული რეფორმები. საინტერესოა ისიც, რომ პოლიტიკოსები უთმობენ ამას გარკვეულ დროს ახლა, ვიდრე ისინი საპარლამენტო არჩევნებში გარკვეულ შედეგებს მიაღწევენ. საზოგადოებას აცნობენ იმას, თუ რა ხედვები და გეგმები აქვთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იცოდეს სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით რა ინიციატივები არსებობს“,- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
ჯანეზაშვილი ამბობს, რომ უნდა გაგრძელდეს მსჯელობა სხვადასხვა მიმართულებით, რადგან სასამართლოს ერთ-ერთი გამოწვევა მოსამართლეთა რაოდენობა და სასამართლოში არსებული მმართველობის სტანდარტია.
„აბსოლუტურად უნდა შეიცვალოს და დემოკრატიული სისტემა გახდეს. ამიტომ ეს ალბათ ზოგადი პრინციპებია, რაზეც ისინი შეთანხმდნენ, მაგრამ სამომავლოდ კიდევ მეტი სამუშაო იქნება საჭირო, რათა სასამართლო უფრო ეფექტიანი სისტემა გახდეს“ ,- აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.