ნაზი ჯანეზაშვილი - სასამართლო სისტემაში ერთი ადამიანი რამდენიმე თანამდებობას არ უნდა იკავებდეს
ნაზი ჯანეზაშვილი - სასამართლო სისტემაში ერთი ადამიანი რამდენიმე თანამდებობას არ უნდა იკავებდეს

„ლევან თევზაძეს მხარს არ დავუჭერ, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ერთი ადამიანი არ უნდა იკავებდეს რამდენიმე თანამდებობას სასამართლო სისტემაში“,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარის პოსტზე სავარაუდო კანდიდატების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, არ არის მიზანშეწონილი, რომ მოსამართლე ერთდროულად რამდენიმე თანამდებობას იკავებდეს. მისივე თქმით, ის რომ ვაკანსიაზე სამი კანდიდატია დასახელებული, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობა. ნაზი ჯანეზაშვილი პროცედურულ ხარვეზებზეც აკეთებს მინიშნებას.

„მოსამართლეები არიან პირველ რიგში მოსამართლეები და შემდეგ უკავიათ სხვადასხვა ადმინისტრაციული თანამდებობები. ვიცით რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გვყავს წევრი, მაგალითად ვასილ მშვენიერაძე, რომელიც პარალელურად არის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე და ამავდროულად ის გახლავთ საბჭოს წევრი და მოსამართლე. ანუ ერთ ადამიანს უკავია სამი თანამდებობა.

თუ ლევან თევზაძე დაინიშნება ამ თანამდებობაზე, ჩვენ მივიღებთ იგივეს. არ ვუჭერ მხარს, რომ კონკრეტული ჯგუფის ხელში იყოს კონცენტრირებული ამდენი ძალაუფლება. ისედაც საკმაოდ გავლენიანი ჯგუფია ამიტომ საჭიროა დამატებითი ბერკეტები.

სხვა კანდიდატებს, რომლებმაც შემოიტანეს განაცხადი, ეს არის რამდენიმე წინადადება, რომ მათ აქვთ მხოლოდ სურვილი იყვნენ სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარეები. ვფიქრობ, როდესაც ადამიანს სურს დაიკავოს ესოდენ მნიშვნელოვანი თანამდებობა, მას სჭირდება მეტი მოტივაცია. ამ კანდიდატებს აქვს ფორმალური სახე და გარკვეულ პროცედურულ ხარვეზებსაც აქვს ადგილი“,- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარის შერჩევას გეგმავს. 

პირველი არხის ექსკლუზიური ინფორმაციით, საბჭო ამ პოსტზე საბჭოს მოქმედი წევრის, ლევან თევზაძის, მოსამართლე ვეფხია ლომიძისა და გოჩა ჯეირანაშვილის დასახელებას გეგმავს. არ არის გამორიცხული საბჭომ, აღნიშნული კანდიდატებიდან ერთ-ერთი დღესვე დაამტკიცოს.
აღნიშნული პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 6 ნოემბერს, კოლეგიის თავმჯდომარეს ვალერი ცერცვაძეს სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

ცნობილია, რომ ვალერი ცერცვაძეს, ამ დრომდე უვადოდ გასამწესებლად, საბჭოში განაცხადი არ შეუტანია.