ნაზი ჯანეზაშვილი - საბჭოს წევრები ეცდებიან, გასაუბრებაზე გიორგი მიქაუტაძეს რაც შეიძლება კომფორტულად აგრძნობინონ თავი
დარწმუნებული ვარ, დღეს საბჭოს მოსამართლე წევრები ეცდებიან, რაც შეიძლება კომფორტულად აგრძნობინონ გიორგი მიქაუტაძეს თავი, – ამის შესახებ საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მოქაუტაძესთან გასაუბრების დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე განმარტებით, გიორგი მიქაუტაძე საბჭოს მოსამართლე წევრების ფავორიტი კანდიდატია.
„მოვიაზრებ, რომ გიორგი მიქაუტაძე არის საბჭოს მოსამართლე წევრების ფავორიტი კანდიდატი, რადგან ისინი ერთად იბრძვიან, თანამოაზრეები არიან. ამის მაგალითები საბჭოში ძალიან ბევრია. თუნდაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი სხდომა. კანონით განსაზღვრულ პროცედურებს ასცდნენ, კანონით დადგენილი არ არის, რომ გვრიტიშვილს და მეთოფიშვილს უფლება ჰქონდეთ სხდომა გახსნან ან წარმართონ. ცხადია, თანამოაზრეები არიან და ერთმანეთს ხელს უწყობენ. დარწმუნებული ვარ, დღეს ისინი ეცდებიან რაც შეიძლება კომფორტულად აგრძნობინონ გიორგი მიქაუტაძეს თავი“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.