ნაზი ჯანეზაშვილი - მიხეილ ჩინჩალაძისა და მისი ჯგუფის მხარდაჭერის გარეშე თანამდებობაზე ვერც ერთი მოსამართლე დაინიშნება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფების არსებობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა გამწესება თანამდებობაზე სწორედ მათთან შეთანხმებით ხდება.
ჯანეზაშვილი მოსამართლეთა უვადოდ გამწესების დღევანდელ პროცესს ფორმალურს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ მოსამართლეებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძის და მისი გავლენიანი ჯგუფის მხარდაჭერა არ აქვს, თანამდებობაზე ისე ვერ დაინიშნებიან.
„შვიდიდან მე მხოლოდ ორ კანდიდატს დავუჭირე მხარი. ვინაიდან მივიჩნიე, რომ ეს ორი კანდიდატი აკმაყოფილებდა ყველაზე მეტად იმ კრიტერიუმებს, რომელიც მნიშვნელოვანია მოსამართლისთვის. ამიტომ, ჩემი მხარდაჭერა მხოლოდ ირაკლი კოპალიანმა და ხათუნა კაკაბაძემ მიიღეს. დანარჩენებმა გასაუბრებაზე ვერ დატოვეს ისეთი შთაბეჭდილება, რომ მათთვის მხარდაჭერა გამომეცხადებინა. მართალია, ჩვენ გვაქვს ექვსი შეფასება მოსამართლეების შესახებ, მაგრამ შეფასების სისტემა ხარვეზიანია“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.
მისი შეფასებით, საბჭო დღეს საკითხს ავტომატურად მიუდგა და კენჭისყრაში მონაწილე ყველა წევრმა, აბსოლუტურად ყველა კანდიდატს დაუჭირა მხარი.
„მხოლოდ მე გახლდით ერთადერთი წევრი, რომელმაც კანდიდატების გარკვეულ რაოდენობას მხარი არ დაუჭირა. მიაჩნია, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებაც ბუნებრივია, მიღებული იქნა საბჭოს წევრთა მიერ, ოღონდ სხდომათა დარბაზის მიღმა და თუ არ აქვს მოსამართლეებს მხარდაჭერა მიხეილ ჩინჩალაძის და მისი გავლენიანი ჯგუფის, ისე თანამდებობაზე ვერავინ დაინიშნება. ეს არის სამწუხარო ტენდენცია“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს შვიდი მოსამართლე უვადოდ გაამწესა.