ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციული რისკებით სამართალდამცველებიც უნდა დაინტერესდნენ
ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციული რისკებით სამართალდამცველებიც უნდა დაინტერესდნენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევა სასამართლო სისტემაში დღეს არსებული რეალობის დოკუმენტირებაა და ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევა სასამართლო სისტემაში კორუფციის რისკებს ეხება.

ჯანეზაშვილის განმარტებით, არაერთხელ დადასტურდა, რომ სასამართლო სისტემაში, მართლაც არსებობს გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფი, ჯანეზაშვილი მაგალითებსაც ასახელებს.

„სასამართლო სისტემაში არსებობს გავლენიანი ჯგუფი, რომელსაც აქვს უზარმაზარი ძალაუფლება. მათ შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი გადაწყვეტილება სასამართლოსთან დაკავშირებით. ყველანაირი ძალაუფლება არის ამ ადამიანების ხელში. როცა მსგავსი დიდი ძალაუფლება კონცენტრირებულია რამდენიმე პირის ხელში, ბუნებრივია, სუბიექტური ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებების რისკი ჩნდება, რაც კორუფციის რისკებსაც აჩენს. შემიძლია დავასახელო მოსამართლეთა დანიშვნის მაგალითი“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მისი შეფასებით, მოსამართლეების დანიშვნა, რეალურად სამართლებრივი დასაბუთების საფუძველზე არ ხდება და გადაწყვეტილებები ბუნდოვნად მიიღება.

„გარიგებებს აქვს ადგილი ყოველ ჯერზე, როდესაც მოსამართლის დანიშვნა ხდება. განსაკუთრებით საუბარია ღია კონკურსებზე, პირველად დანიშვნებზე. ბუნებრივია, როდესაც მოსამართლეების კონკრეტული ჯგუფის ხელშია ძალაუფლება, კორუფციის რისკები მაღალია“, – განაცხადა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა.

ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ ამით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

„ვფიქრობ, აუცილებად უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოები, რადგან საუბარი არის კონკრეტულ მოსამართლეებზე, გვარებზეც, რომელთაც აქვთ ძალაუფლება. აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ სასამართლო სისტემაში არ გაჩნდეს კიდევ უფრო მეტი პრობლემა, მეტი წუხილი და მეტი სერიოზული გამოწვევები“. – აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებზე კვლევა დღეს წარადგინა, რომელშიც სასამართლო სისტემაში კორუფციის სავარაუდო შემთხვევების ხელშემწყობ ძირითად ფაქტორებზეცაა საუბარი.