ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და მოქმედი მდივანი არ უნდა იყვნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის კანდიდატები
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და მოქმედი მდივანი არ უნდა იყვნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის კანდიდატები, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს აუცილებელია, რათა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ პროცესს ნდობა ჰქონდეს.
ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, პროცესს დამატებით გამჭვირვალობას შესძენს კონკურენტული გარემო და კვალიფიციური კადრების გარედან მოზიდვა.
„ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტმა გამოცდილმა, კვალიფიციურმა იურისტმა მიიღოს მონაწილეობა ამ პროცედურებში იმისათვის, რომ შეიქმნას კონკურენტული გარემო, რათა თუნდაც ჩინჩალაძის კლანს და იმ ძალაუფლებას, რომელიც სისტემაშია გაბატონებული, დაუპირისპირდეს კეთილსინდისიერი ადამიანი – თავისი ინტელექტით და გამოცდილებით.
გარდა ამისა, პროცესს რომ ჰქონდეს მინიმალური ნდობა, ჩემი აზრით ამ შემთხვევაში გადამწყვეტი და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საბჭოს წევრებმა და მათ შორის, რა თქმა უნდა, საბჭოს მდივანმა არ მიიღოს ამ პროცედურებში მონაწილეობა. ამ ეტაპისთვის, ვიდრე ისინი არიან საბჭოში წარმოდგენილნი სხვადასხვა თანამდებობაზე, უარი თქვან ამ პროცედურებში მონაწილეობაზე.
საბჭომ მაქსიმალურად უნდა გაუხსნას კარი კვალიფიციურ კადრებს გარედან, თუმცა მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ მე ამის მოლოდინი მაქვს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევა დაიწყო.
ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე არ აკონკრეტებს, კვლავ მიიღებს თუ არა მონაწილეობას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში.